ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პიკი გარკვეულწილად გადავლილია და “დაიწყება დაღმასვლა”.
მისი თქმით, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების კლებას, ახალი შემთხვევების პიკის შემდეგ, დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება. ამის შესახებ მინისტრის მაოდგილემ ბრიფინგზე დღეს, 30 აგვისტოს ისაუბრა.
“[კორონავირუსის] დღევანდელი მაჩვენებელი დაახლოებით 2 ათასამდე იყო, რაც ვიცით, რომ არ არის სრული ასახვა, რადგან შაბათ-კვირის შემდეგაა, თუმცა ეს არის დაახლოებით ათასი ერთეულით ნაკლები იმაზე, რაც წინა პერიოდის იგივე დღეებში გვქონდა. არის გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები.
ჩვენ პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა და პრევინციული ღონისძიებები, რომლებიც აქამდე გვქონდა გატარებული, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არ მოხდეს კვლავ ესკლაცია.
რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, იცით, რომ გარდაცვალების შემთხვევების კლებას სჭირდება გარკვეული პერიოდი. დაახლოებით ორი კვირა არის ის პერიოდი, როდესაც შემთხვევების სტაბილიზაციას შემდეგ უკვე მოჰყვება გარდაცვალების სტაბილიზაცია. ასე რომ, ჩვენი მოლოდინიც იმგვარია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, თუმცა მანამდე მოგვიწევს საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა”, — განაცხადა გაბუნიამ
მისი განცხადებით, მიუხედავად შედარებით დასტაბილურებული მდგომარეობისა, საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, რადგან ეპიდსიტუაცია კვლავ საკმაოდ რთულია და კლინიკები გადატვირთულია. გაბუნიას განმარტებით, ამჟამად კლინიკებში მობილიზებულია 8 700-მდე საწოლი და ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალური დატვრითვით მუშაობს.
“ამდენად, ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია, უნდა აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით და ამაზეა დღეს მთავარი აქცენტი”, — განაცხადა გაბუნიამ.
ბრიფინგზე მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს საზოგადოებრივი ტრანსპროტის აღდგენასთან დაკავშირებითაც, რაზეც გაბუნიამ განაცხადა, რომ საბჭო იმსჯელებს ამ საკითხზეც, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები გაგრძელდება ისე, როგორც დაანონსებული იყო.