ახალი ამბები

დამშვიდებისკენ მიდის სიტუაცია, არ უნდა მოვეშვათ – ღარიბაშვილი

30 აგვისტო, 2021 •
დამშვიდებისკენ მიდის სიტუაცია, არ უნდა მოვეშვათ – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაცია „დამშვიდებისკენ მიდის“, მაგრამ „არ უნდა მოვეშვათ“.

30 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 78 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 1915 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„არცერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე. უნდა გავიმეორო, რომ მთავარი გამოსავალი არის აცრები და ვაქცინაციისკენ ყველას უნდა მოვუწოდოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, 2021 წლის სექტემბრის ბოლომდე, მთავრობის გეგმით, 2 მლნ მოქალაქე უნდა იყოს აცრილი, ნაწილი- სრულად, ნაწილი კი- ერთჯერადად.

„ალბათ, მილიონამდე მოქალაქეს აქვს [კოვიდი] გადატანილი და, საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, – ჩვენი მეცნიერები ამბობენ, – რომ შედარებით დასტაბილურდება ვითარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 30 აგვისტოს.

„რამდენიმე კვირა დაგვრჩა, უნდა გადავიტანოთ ყველამ და ოქტომბრიდან დამშვიდდება სიტუაცია“, – განაცხადა მან.


ერთ-ერთი მოდელირებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ყოველდღიური მაჩვენებლის კლება სექტემბრის პირველი კვირიდან დაიწყება და ოქტომბერში 10-ს ჩამოსცდება.

ეს მონაცემი ეყრდნობა სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის (UW) ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მოდელირებას, რომელიც ვირუსის გავრცელების შესაძლო პროექციებს იკვლევს.

აღნიშნული მოდელირების მიხედვით, დღიური გარდაცვალების შემდგომი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი — 76 ადამიანამდე — 1 სექტემბერს არის მოსალოდნელი, შემდეგ კი ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა იკლებს.

IHME-ს მოდელირებითვე, სექტემბრის ბოლოს მოსალოდნელია, რომ დღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა 20-ს ჩამოსცდება, ოქტომბრის პირველი კვირიდან კი — 10-ს და ასე გაგრძელდება 21 დეკემბრამდე. აღნიშნული მოდელირება სწორედ ამ დრომდეა დამუშავებული.

ამავე მოდელირებით, წლის ბოლოსთვის საქართველოში კოვიდით 9 ათასამდე ადამიანი იქნება გარდაცვლილი.

ოქტომბრიდან კოვიდით დღეში 10-ზე ნაკლები ადამიანი დაიღუპება — IHME-ს მოდელირება

მასალების გადაბეჭდვის წესი