ახალი ამბები

რუსეთის ხელისუფლებამ შაქრის დაცვა გადაწყვიტა

29 აგვისტო, 2021 • 1148
რუსეთის ხელისუფლებამ შაქრის დაცვა გადაწყვიტა

რუსეთის ხელისუფლებამ საკვები შაქრის დაცვა გადაწყვიტა და ის შეიყვანა იმ პროდუქტების სიაში, რომლის დასაცავადაც აქტიურად ჩაერევა — გააკონტროლებს მის ფასს როგორც გაძვირების, ისე გაიაფების შემთხვევაში.

შესაბამის გადაწყვეტილებას პრემიერმა მიშუსტინმა ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალება “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შაქარი სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი ნაწარმია და მისი ახალი სტატუსი მთავრობას მისცემს საშუალებას, გააკონტროლოს როგორც მისი წარმოება, ისე საბაზრო ფასი. კერძოდ, თუ ზედმეტად გაიაფდება, ბაზარზე არსებულ მარაგებს შეისყიდის, ხოლო თუ გაძვირდება — გაყიდის. პუტინის მთავრობაში სწორედ ასე წარმოუდგენიათ ბაზარზე შაქრის ფასის დარეგულირება.

შაქრის ფასის დასარეგულირებლად ფულს “სახელმწიფო ინტერვენციის ფონდი” გამოყოფს, რომლის დაფინანსებაც 2022 წლიდან დაიწყება. აღნიშნული ფონდი შაქრის მსგავსად დაარეგულირებს სოფლის მეურნეობის სხვა ნაწარმებსაც, მათ შორის, პურსა და პურ-პროდუქტებს.

მეცნიერები და ექიმები თანხმდებიან, რომ დიდი რაოდენობით შაქრის მიღება დაკავშირებულია როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, ისე — დიაბეტთან. მცირე რაოდენობით დამუშავებული შაქარი არის ენერგიის წყარო დროის მოკლე მონაკვეთში, თუმცა არ შეიცავს არანაირ მინერალსა და ვიტამინს. ექიმების რეკომენდაციის, სასურველია წარმოების შედეგად მიღებული შაქრისა და მისი შემცველი ნაწარმის მოხმარების მინიმუმამდე დაყვანა, რადგან ადამიანის ორგანიზმი შაქარს ისედაც იღებს ხილის სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი