ახალი ამბები

ავღანეთის დედოფალი, რომელიც ქალთა გაძლიერებისთვის იბრძოდა: სორაია ტარზი

2 სექტემბერი, 2021 • 8405
ავღანეთის დედოფალი, რომელიც ქალთა გაძლიერებისთვის იბრძოდა: სორაია ტარზი

“დამოუკიდებლობა ეკუთვნის ყველა ჩვენგანს, სწორედ ამიტომ ვზეიმობთ მას. ფიქრობთ, რომ ჩვენს ერს მხოლოდ კაცები უნდა ემსახურონ? ქალებმა ასევე უნდა მიიღონ მონაწილეობა, როგორც ეს ჩვენი ერისა და ისლამის ადრეულ წლებში ხდებოდა.

ჩვენ, ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი ჩვენი ერის განვითარებაში და ეს ვერ მოხდება ცოდნით აღჭურვის გარეშე. ამიტომ, ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ მივიღოთ იმდენი ცოდნა, რამდენიც შესაძლებელია”.

ეს სიტყვები სორაია ტარზის ეკუთვნის, ავღანეთის დედოფალს, რომელიც დევნილობაში დაიბადა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, თავისი პროგრესული იდეებით, ღიად დაიწყო ბრძოლა ქალთა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის.

მიმდინარე კვირებში, როცა ავღანეთის ხელისუფლებაში ისლამისტური თალიბანი დაბრუნდა და მრავალი ავღანელი ქალის ყოფას საფრთხე დაემუქრა, არაერთგზის იხსენებენ დედოფალ სორაიას, რომელმაც, ზოგიერთის შეფასებით, დროს გაუსწრო თავისი ხედვებით.

გზა ალეპოდან ქაბულამდე

ყველაფერი სირიის დედაქალაქ დამასკოში დაიწყო. სწორედ აქ დაიბადა სორაია ტარზი 1899 წლის 24 ნოემბერს.

მამამისი — ავღანელი პოლიტიკოსი და ინტელექტუალი მაჰმუდ ტარზი — ცნობილი იყო თავისი ლიბერალური იდეებით, რომლებიც მისი ოჯახის წევრების, მათ შორის, სორაიას ცხოვრების წესსა და ხედვებზეც აისახა.

მაჰმუდ ტარზიმ თავისი სამშობლო ავღანეთის ამირასთან, აბდურ რაჰმან ხანთან(1880-1901) კონფლიქტის გამო დატოვა.

მაჰმუდ ტარზი

მაჰმუდ ტარზი

ვითარება შეიცვალა 1901 წელს, როცა ავღანეთის სათავეში ახალი ლიდერი, ჰაბიბულა ხანი მოვიდა. მრავალი პოლიტიკური დევნილი სამშობლოში დაბრუნდა. მათ შორის იყო მაჰმუდ ტარზი, რომელიც ახალმა ლიდერმა მთავრობაში მიიწვია მოდერნიზების პროგრამის განსახორციელებლად.

იმავე პერიოდში, მამასთან ერთად სამშობლოში ჩასული სორაია ხვდება ამირას ვაჟს — პრინც ამანულას. ისინი ქორწინდებიან, 1919 წელს კი, როცა ავღანეთის ამირას კლავენ, ამანულა და სორაია ავღანეთის სამეფო ტახტს იკავებენ.

ამანულა ხანმა, რომელმაც მოგვიანებით თავისი ტიტული “ამირა” “მეფით” ჩაანაცვლა, ერთი მხრივ, ბრიტანეთის გავლენისაგან ავღანეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მეორე მხრივ კი, შეეცადა, მეუღლესთან ერთად ემუშავა მნიშვნელოვან რეფორმებზე ავღანეთის საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთ სფეროში.

სორაიას ბრძოლა თანამემამულე ქალებისთვის

“უნიკალური, ძალიან ძლიერი და განსაკუთრებული ქალი” თავისი ეპოქისთვის — ასე ახასიათებს სორაია ტარზის ცნობილი ავღანელი ფემინისტი შინკაი კაროხაილი.

მიუხედავად ავღანეთის საზოგადოებაში ფესვგამდგარი წარმოდგენებისა და ტომობრივი ადათებისა, სორაია მტკიცედ მიჰყვებოდა თავის იდეებს, რომელთა თანახმადაც, ქალებს უნდა მოეხადათ ჰიჯაბი, კაცებს კი მხოლოდ ერთი ცოლი უნდა ჰყოლოდათ.

დედოფალმა განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო ქალთა განათლების, დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი პოზიციების განმტკიცების საკითხს.

ის ყოველთვის ამჯობინებდა ქალებთან პირისპირ საუბარს იმ უფლებებზე, რომელთა გამოც უნდა ებრძოლათ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მიმართვის დროს, 1926 წელს წარმოთქვა სორაიამ სიტყვა, რომლითაც სტატია დავიწყეთ.

ამანულა ხანი და სორაია ტარზი ოფიციალური ვიზიტით პარიზში. ფოტო: ULLSTEIN BILD/GETTY IMAGES

ამანულა ხანი და სორაია ტარზი ოფიციალური ვიზიტით პარიზში. ფოტო: ULLSTEIN BILD/GETTY IMAGES

ქალთა ემანსიპაციასთან მიმართებით ამანულა და სორაია ერთმანეთის პოზიციებს იზიარებდნენ. უფრო კონკრეტულად, ხანის ხედვებს აღწერს ჰუმა აჰმად-ღუში, სან დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორი:

“ამანულა  საჯაროდ პოზიციონირებდა თავსაბურავისა და პოლიგამიის წინააღმდეგ, ხელს უწყობდა ქალთა განათლებას არა მხოლოდ ქაბულში, არამედ, ზოგადად.

საჯარო შეკრებაზე ამანულამ თქვა, რომ ისლამი ქალებს არ ავალდებულებს თავიანთი სხეულების დაფარვას ან სპეციალური თავსაბურავის ტარებას.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს დედოფალმა სორაიამ საჯაროდ მოიხადა თავსაბურავი, რის შემდეგაც სხვა ოფიციალური პირების ცოლებმაც იგივე გააკეთეს”.

“განათლების მინისტრი ჩემი ცოლია”

იმავე, 1926 წელს, ამანულა ხანმა სიტყვით გამოვლისას თქვა:

“მე თქვენი მეფე ვარ, თუმცა განათლების მინისტრი არის ჩემი ცოლი — თქვენი დედოფალი”.

სორაია ტარზი მართლაც აქტიურად იბრძოდა ქალებისთვის განათლების ხელმისაწვდომის გასაზრდელად: მისი ქალიშვილი “ალ-ჯაზირასთან” ინტერვიუს დროს აღნიშნავს, რომ დედამისმა 1921 წელს ქაბულში გახსნა პირველი სკოლა ქალებისთვის:

“[სკოლის გახსნის შემდეგ] მან მაგალითი მისცა სხვა ოჯახებს იმით, რომ თავის ორ ქალიშვილს — ჩემს დებს — ნება დართო, ევლოთ ამ სკოლაში. სკოლა დღემდე ფუნქციონირებს. თავდაპირველად იქ 20 გოგო შევიდა, ახლა კი 700 მოსწავლე ჰყავს”.

წლების მანძილზე იზრდებოდა სკოლების რაოდენობა, 1928 წელს კი 15 ქალი, რომლებიც ქაბულის გავლენიან ოჯახებს წარმოადგენდნენ, თურქეთში გაუშვეს სწავლის გასაგრძელებლად.

სორაია ტარზი. ფოტო: Rykoff Collection/Getty Images

“ახალგაზრდა, დაუქორწინებელი ქალების საზღვარგარეთ გაგზავნა ბევრისთვის იყო საგანგაშო, განიხილებოდა რა კიდევ ერთ ნიშნად იმისა, რომ ხელისუფლება, [ავღანეთის] ვესტერნიზაციის მცდელობისას, მზად იყო დაპირისპირებოდა სოციალურ და კულტურულ ნორმებს”, — აღნიშნავს აკადემიკოსი შირინ ხან ბურკი წიგნში “დაუმარცხებელთა მიწა: თანამედროვე ავღანელი ქალების ცხოვრება”.

მისივე სიტყვებით, გენდერული პოლიტიკა, რომელსაც ამანულა ხანი ატარებდა, “მთლიანად დაშორებული იყო მისი უკიდურესად კონსერვატიული, პირველ რიგში, ტომობრივი და გეოგრაფიულად შორეული ქვეყნის სოციალური რეალობისაგან”.

იმავე წლებში ფუძნდება ქალთა პირველი ჟურნალი ავღანეთში. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა სორაიას დედა, ასმა რასმია ტარზი, ქალიშვილის დახმარებით.

BBC-ის თანახმად, გარდა იმისა, რომ ჟურნალის დაფუძნებაში წვლილი შეიტანა, სორაია თავად წერდა მასალებს გენდერული თანასწორობის შესახებ. მალე მსგავსი შინაარსის სხვა გამოცემებიც გაჩნდა.

საბედისწერო ტური ევროპაში

ამანულასა და სორაიასთვის საბედისწერო აღმოჩნდა 1927 წლის დეკემბერში დაწყებული 6-თვიანი მოგზაურობა ევროპაში. ტური შესანიშნავად დაიწყო: წყვილი პატივით მიიღეს დიდ ბრიტანეთში, რომელთანაც ავღანეთს 9 წლით ადრე ომი ჰქონდა დამოუკიდებლობისთვის.

1928 წელს მეფე-დედოფალი  არაერთი ტიტულით დაბრუნდა სამშობლოში და ევროპული გამოცდილებით შთაგონებულმა, ავღანეთში ახალი სოციალური და კულტურული რეფორმების გატარება სცადა.

სწორედ მაშინ დაიწყო წინააღმდეგობა: სწრაფი მოდერნიზების ფონზე საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილება სათავისოდ გამოიყენა ჰაბიბულა კალაკანიმ — იმხანად ავღანეთში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების, საკავისტების ლიდერმა — და ამანულას წინააღმდეგ აჯანყდა.

იმჟამინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანია გააძლიერა მეფე-დედოფლის ევროპული მოგზაურობის შემდეგ გავრცელებულმა ფოტოებმა, რომლებზეც დედოფალი სორაია ჩანდა ჰიჯაბის გარეშე, საღამოს კაბით, უცხოელი კაცების გარემოცვაში.

ამანულა ხანი და სორაია ტარზი პარიზში. ფოტო: Getty Images

ამანულა ხანი და სორაია ტარზი პარიზში. ფოტო: Getty Images

“კონსერვატორმა მოლებმა და ადგილობრივმა ლიდერებმა აღნიშნული ფოტოები და სამეფო ოჯახის მოგზაურობის დეტალები წარმოაჩინეს, როგორც აშკარა ღალატი კულტურისა, რელიგიისა და ქალის “პატივისა” , — ციტირებს BBC პროფესორ ჰუმა აჰმად-ღუშს.

ზოგიერთი წყარო იმასაც ამბობს, რომ ფოტოების ნაწილი ბრიტანეთის აგენტებმა დაამუშავეს და განგებ გაავრცელეს რეგიონებში, სადაც ტომთა გავლენა ძლიერი იყო, რათა შეერყიათ სტაბილურობა ავღანეთში.

მას შემდეგ, რაც კონსერვატორთა სასარგებლოდ გარკვეულ რეფორმებზე უარის თქმამ შედეგი არ გამოიღო და დაპირისპირება გამწვავდა, სამეფო წყვილი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ავღანეთი და ემიგრაციაში წასულიყო. ისინი იტალიაში გაემგზავრნენ.

აღნიშნულის შემდეგ ავღანეთის ხელისუფლებაში მცირე ხნით მოვიდა ჰაბიბულა კალაკანი, რომელიც მალევე შეცვალა ახალმა მმართველმა — მუჰამად ნადირ შაჰმა, რომელმაც ამანულას არაერთ რეფორმას წერტილი დაუსვა. მეორე მხრივ, შედარებით პროგრესული იყო მისი შვილის — მუჰამად ზაჰირ შაჰის პოლიტიკა. ის 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას.

სორაიას სახელი და მემკვიდრეობა

სორაია ტარზი იტალიაში გარდაიცვალა 1968 წელს. მისი ქმარი 8 წლით ადრე დაიღუპა. ორივე მათგანი დაკრძალულია ავღანეთის აღმოსავლეთით, ქალაქ ჯალალაბადში, საოჯახო მავზოლეუმში.

სორაიასა და ამანულას ყველაზე ახალგაზრდა ქალიშვილს — პრინცესა ინდიას — რომელიც ათწლეულებია, იტალიაში ცხოვრობს, სჯერა, რომ ყოველივე იმის მიუხედავად, რაც მოხდა, დედამისი დადებით ფიგურად რჩება ავღანეთის თანამედროვე ისტორიაში.

“ხალხს ახლაც ახსოვს მისი სიტყვით გამოსვლები… როგორ უწყობდა ხელს ავღანელ ქალებს, რათა ყოფილიყვნენ დამოუკიდებლები, ესწავლათ წერა-კითხვა… ის ასევე ძალიან ლამაზი ქალი იყო. უბრალოდ, შეხედეთ მის ფოტოებს…”, — უთხრა პრინცესამ “ალ-ჯაზირას” 2019 წელს.

პრინცესა ინდია. ფოტო: DW

პრინცესა ინდია. ფოტო: DW

2020 წელს ბრიტანულმა TIME-მა სორაია ტარზი გასული საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დაასახელა. ჟურნალი აღნიშნავს, რომ ავღანეთის დედოფალი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფიგურად ჩამოყალიბდა 1920-იანი წლების ახლო აღმოსავლეთში და “მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი თავისი პროგრესული იდეებით”.

“ავღანეთში რეფორმების მეორე ტალთა, რომელიც 1970-იან წლებში განხორციელდა და მოიცავდა ქალთა განათლებისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი წარმომადგენლობის ზრდას, ასევე, ქორწინების ასაკის აწევას, ეხმიანებოდა ტარზის იდეებს, [გახმიანებულს] 50 წლით ადრე”, — აღნიშნავს TIME-ის რეპორტიორი სუინ ჰეინსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი