ახალი ამბები

UK ავღანეთიდან ევაკუაციას წყვეტს

27 აგვისტო, 2021 • 781
UK ავღანეთიდან ევაკუაციას წყვეტს

გაერთიანებულმა სამეფოს თავდაცვის მდივნის, ბენ უოლესის განცხადებით, ქვეყანამ შეწყვიტა ევაკუაციისთვის მოქალაქეების მიღება ქაბულის აეროპორტში, ხოლო უშუალოდ ევაკუაციის პროცესი მომდევნო საათების განმავლობაში დასრულდება.

“ჩვენ დღეს, ლონდონის დროით დილის 04:30 საათზე, დავხურეთ ევაკუაციის სარეგისტრაციო ცენტრი და აერიპორტის ერთ-ერთი შესასვლელი [რომელსაც გაერთიანებული სამეფოს ძალები აკონტროლებდნენ]”, – განუცხადა უოლესმა Sky News-ს.

მისი განცხადებით, პირებმა, რომლებმაც ვერ მოასწრეს ქვეყნის დატოვება, მესამე ქვეყნებს უნდა მიაშურონ, ან ქვეყანაში დარჩენის შემთხვევაში, მიიღონ რჩევა, თუ როგორ უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე თალიბანის მმართველობის პირობებში.

უოლესის განცხადებით, 800-დან 1 100-მდე ავღანელი მოქალაქე, ვინვ ჩართული იყო “Arap-ის” პროგრამაში, რაც ავღანეთიდან ევაკუაციას გულისხმობდა, ვერ შეძლებს ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობის მიღებას.

მისივე თქმით, ავღანეთში რჩება გაერთიანებული სამეფოს 100-დან 150-მდე მოქალაქეც, რომელთა ნაწილს ქვეყანაში დარჩენა თავად სურს.

მოკავშირე ძალების მიერ მიმდინარე ევაკუაციის ოპერაცია 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს.

გუშინ, 26 აგვისტოს, ქაბულში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა, რასაც ავღანელი სამოქალაქო პირებისა და ამერიკელი სამხედროების სიცოცხლე შეეწირა. მსხვერპლმა 100 ადამიანს გადააჭარბა.

ტერაქტები ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ადგილობრივმა ორგანიზაციამ, იგივე ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ მოაწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი