ახალი ამბები

კანონის უტიფარი დარღვევა “იმედის” მხრიდან პირველად არ ხდება — ბოკერია

26 აგვისტო, 2021 • 1361
კანონის უტიფარი დარღვევა “იმედის” მხრიდან პირველად არ ხდება — ბოკერია

“ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იმედის” მიერ მისი უფასო საარჩევნო რეკლამის დაბლოკვასთან დაკავშირებით სამართლებრივ ზომებს მიიღებს.

როგორც პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტელეკომპანია “იმედი” ბოლო ორი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მეორედ ბლოკავს “ევროპული საქართველოს” საარჩევნო რეკლამას საკუთარ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

ბოკერიას თქმით, წინა შემთხვევაში კომუნიკაციების კომისიამ უკვე საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება და თქვა, რომ “იმედი” კანონს არღვევდა, რაც კოორდინებული, ცინიკური მოქმედება იყო.

“დღეს მათ სარედაქციო ტექსტით განაცხადეს, რომ სიძულვილის ენით სავსე კლიპს არ გაუშვებენ და რომ ამის შესახებ სამართლებრივად გამართულ წერილს მივიღებთ, თუმცა ჯერჯერობით არანაირი ახსნა-განმარტება არ მიგვიღია.

ცინიზმია, როდესაც “ქართული ოცნების” პროპაგანდის ორგანო “იმედი” საერთოდ იყენებს სიძულვილის ენის საბაბს პოლიტიკური კრიტიკის ჩასახშობად. ეს არის ტელეკომპანია, რომელიც არა მარტო თავის ეთერში რუტინულად უშვებდა “ქართული ოცნების” ძალიან აგრესიულ ნეგატიურ კლიპებს, არამედ სარედაქციო კამპანიას აწარმოებდა, რომელიც რელიგიური და სხვა შუღლის გაღვივებით იყო სავსე.

გვახსოვს სისხლის მდინარეები, რომელიც კადრში იყო გადაცემის სარედაქციო ფონად და მერე თვითონაც თქვეს, შეიძლება ეს ზედმეტი მოგვივიდაო; ჩვენ გვახსოვს ბოლო საარჩევნო კამპანიის დროს ბინძური ცილისწამების კამპანია, რომელიც იყო ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან ოპიზიციის წინააღმდეგ, დავითგარეჯთან დაკავშირებით ტყუილებით და ქვეყნის ღალატის ცილისმწამებლური ბრალდებებით, კონკრეტული ფაქტების მოგონებით.

ეს ტელეკომპანია სიძულვილის ენის საბაბით პოლიტიკური ენით, თუნდაც მწვავე, მაგრამ ლეგიტიმურ კრიტიკას ბლოკავს, რაც კანონის უხეში დაღვევაა”, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, კანონი ავალდებულებს ყველა მაუწყებელს, ყველა კვალიფიციური სუბიექტის საარჩევნო კლიპი შინაარსობრივი ცენზურის გარეშე გაუშვან.

“აქ თუ გაჩნდა კანონის ინტერპატაციის საშუალება, რომ შინაარსში შედის ტელეკომპანია, ეს რეგულაცია აზრს კარგავს. კანონის უტიფარი დარღვევა “იმედის” მხრიდან პირველად არ ხდება, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია რეალური მოტივი, რატომ იქცევა ასე “იმედი”.

ეს არის ის მიდგომა, რაც პერსონალურად ივანიშვილს და მის გარემოცვას აქვთ, რომ მათთვის მტკივნეული გზავნილი უნდა დაბლოკონ ყველგან, სადაც შანსი აქვთ. რაც ხდება ტელეკომპანია “იმედზე” კანონის უტიფარი დარღვევით, ცინიკური, ფარისევლური მოტივით, არის სახე იმისი, რა უნდა ივანიშვილს გააკეთოს მთელ ქვეყანაში და ყველა მედიასთან მიმართებაში”, — განაცხადა ბოკერიამ.

ტელეკომპანია “იმედმა” “ევროპულ საქართველოს” წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარი უთხრა. “იმედი” მიზეზად ასახელებს, რომ რეკლამა სიძულვილის ენას შეიცავს.

“ქვეყანას არაკომპეტენტური, კორუმპირებული და მოღალატე ადამიანები მართავენ”, — ნათქვამია რეკლამაში, რომლის განთავსებაზეც “იმედმა” პარტიას უარი განუცხადა. ვიდეორგოლი არის „ევროპული საქართველოს“ კამპანიაის, „სოციალური მაშველის“ ნაწილი, რომლის ფარგლებშიც პარტია სთავაზობს ყველა ადამიანს, ვინც ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ გახდება სამსახურეობრივი მუქარის ან სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ადრესატი, ცხელ ხაზზე დაკავშირებას და შესაბამისი დახმარების გაწევას.

“იმედმა” “ევსაქებს” წინასაარჩევნო რეკლამის გაშვებაზე უარი უთხრა — ვიდეო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი