ახალი ამბები

“თელმიკომ” მომხარებლებს ზედმეტად დარიცხული გადასახადი ჩამოაკლო

26 აგვისტო, 2021 • 1414
“თელმიკომ” მომხარებლებს ზედმეტად დარიცხული გადასახადი ჩამოაკლო

თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია “თელმიკომ” მომხარებლებლებს ელექტროენერგიის ზედემტად დარიცხული საფასური ჩამოაკლო. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

“თელმიკოს” ცნობით, შეცვლილი თანხა სააბონენტო ბარათზე უკვე აისახა და ჩანს გადასახადის გადახდისას. ამასთან, შესწორებული მონაცემები აისახება მომდევნო თვის ქვითარშიც და გამოჩნდება კორექციის ველში.

“გასათვალისწინებელია, რომ დაკორექტირებული თანხა ქვითარში მინუსში (-) იქნება ასახული, რაც ნიშნავს, რომ თანხა ირიცხება მომხარებლის ანგარიშზე”, — განმარტებულია “თელმიკოს” განცხადებაში.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკმა) 12 აგვისტოს კომპანიები, „თელმიკო“ და „თელასი“ 75 000 და 50 000 ლარით დააჯარიმა მოქალაქეებისთვის არაზუსტად, ზედმეტად დარიცხული თანხების გამო.

„გადაწყვეტილების შესაბამისად, სემეკის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ („თელმიკო“) 75 000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ – 50 000 ლარით დაჯარიმდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ“, – წერდა მარეგულირებელი.

უწყების განმარტებით, დაჯარიმების მიზეზია „თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვები“.

ამასთან, მარეგულირებელმა კომპანიებს განუსაზღვრა ვადები დარღვევების აღმოსაფხვრელად და დაავალა მოქალაქეებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება. სემეკს საჩივრით არაერთმა მოქალაქემ მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი