ახალი ამბები

სასამართლომ დაადასტურა სანაიას მიმართ პროფესიული საქმიანობის გამო დევნა — “ფორმულა”

25 აგვისტო, 2021 • 683
სასამართლომ დაადასტურა სანაიას მიმართ პროფესიული საქმიანობის გამო დევნა — “ფორმულა”

ტელეკომპანია “ფორმულა” აცხადებს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა ჟურნალისტ ვახო სანაიას პროფესიული საქმიანობის გამო დევნა.

“ფორმულას” განცხადებით, “გაცხადებული მოძალადეებისთვის” მინიმალური სასჯელის განსაზღვრა წაახალისებს პოტენციურ მოძალადეებს, რაც საფრთხეს შეუქმნის საქართველოში მცხოვრებ თავისუფალი და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს.

“ბოლო რამდენიმე წელია, ხელისუფლება არათუ ახალისებს სიძულვილს ჟურნალისტების მიმართ, არამედ თავადაც ძალადობს მათზე. შეურაცხმყოფელი ლექსიკა, ჟურნალისტების დევნა, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ნორმა გახდა. 5 ივლისს კი საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში მოძალადეთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კრიტიკული მედიაა.

კლანის მიერ მართული სასამართლოს გადაწყვეტილება ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს მთავრობის მხრიდან გატარებული პოლიტიკის. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისის არცერთი ორგანიზატორი აქამდე არ დაუკავებიათ. ასევე, გამოუძიებელია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი.

თუმცა მნიშვნელოვანია, რომ განაჩენით დადასტურდა ვახო სანაიას მიმართ პროფესიული საქმიანობის გამო დევნა და ეს სამართლებრივი სახელი დაერქვა აწ უკვე მსჯავრდადებულთა ქმედებას.

ხელისუფლების ინერტულობის, პოლიციის უმოქმედობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის პირობებში, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი მძვინვარებს და დაცული აღარავინაა”, — ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 25 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის ბრალდებულ 3 პირს — გიორგი სახელაშვილს, ვაჟა გიგაურსა და სულიკო საყევარაშვილს — 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა და ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს, 25 აგვისტოს დატოვებენ.

სულიკო საყევარაშვილს დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით. ვაჟა გიგაურს კი დამატებითი სასჯელის სახით ასევე შეეფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით და 2 500-ლარიანი ჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოიტანა.


ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს მაშინ დაესხნენ, როცა ოჯახის წევრებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სანაიაზე თავდამსხმელები მალევე დააკავეს და ისინი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იყვნენ, რაც სასჯელის მოხდად ჩაეთვალათ.

თავად სანაია თავდასხმას თავის საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი