ახალი ამბები

სასამართლოს დამოკიდებულება კრიტიკული მედიისადმი აგრესიის გაზრდის საფრთხეს ქმნის — კოალიცია

25 აგვისტო, 2021 • 753
სასამართლოს დამოკიდებულება კრიტიკული მედიისადმი აგრესიის გაზრდის საფრთხეს ქმნის — კოალიცია

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა, ჟურნალისტისა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტისადმი სასამართლოს რბილი დამოკიდებულება კი კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს.

“სამწუხაროა, რომ მწვავე საჭიროების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო არ იცავს მედიის წარმომადგენელთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან კრიტიკულ მედიასთან.

ისინი სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს და ახალისებენ მედიაზე მორიგ თავდასხმებს. 2021 წლის 5 ივლისიდან, მას შემდეგ, რაც თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა, მედიის წარმომადგენლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა განსაკუთრებული რისკის ქვეშ დადგა.

ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის სასამართლოს პასუხისმგებლობას, სათანადოდ შეისწავლოს ჟურნალისტების დაშინების თითოეული მცდელობა და გადაწყვეტილება მიიღოს პოლიტიკური მოტივების გარეშე”, — ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები სამწუხაროდ მიიჩნევენ, რომ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ რისკები სათანადოდ არ შეაფასა. ამასთან, მიაჩნიათ, რომ მოსამართლის ზეპირი მითითება, რომლითაც თითქოსდა კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატს შეეზღუდა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს.

“ეს შემთხვევა არის საშიში მცდელობა, ჟურნალისტები დარჩნენ სამართლებრივი დახმარების გარეშე, უფლებადამცველებს კი აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა, სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინონ მედიას”, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის ბრალდებულ 3 პირს — გიორგი სახელაშვილს, ვაჟა გიგაურსა და სულიკო საყევარაშვილს — 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა და მათ სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს, 25 აგვისტოს დატოვეს.

სასამართლომ ჟურნალისტების მიმართ არსებულ საფრთხეებს ადეკვატურად ვერ უპასუხა — ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი