ახალი ამბები

ვაქცინაციის საბუთი ან ტესტი — რა რეგულაციებს განიხილავენ ბანკები თანამშრომლებისთვის

23 აგვისტო, 2021 • 1325
ვაქცინაციის საბუთი ან ტესტი — რა რეგულაციებს განიხილავენ ბანკები თანამშრომლებისთვის

საბანკო ასოციაცია აცხადებს, რომ თანამშრომელთა და მომხარებელთა უსაფრთხოების მიზნით ბანკები განიხილავენ გარკვეული შიდა რეგულაციების შემოღებას, მათ შორის, ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას, ან რეგულარულ ტესტირებას. ამის შესახებ საბანკო ასოციაციამ დღეს, 23 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია.

“ვფიქრობთ, რომ შექმნილ სიტუაციაში, ჩვენი, როგორც ათიათასობით ადამიანის დამსაქმებლის როლი და პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია. შესაბამისად, პრიორიტეტად მივიჩნევთ ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, რა მიზეზითაც, ექსპერტების ჩართულობით, განვიხილავთ დამატებითი რეგულაციების შემოტანას, რაც უზრუნველყოფს როგორც ჩვენი გუნდების და მილიონობით მომხმარებლის, უსაფრთხოებას, ისე დადებით მაგალითს მისცემს სხვა დამსაქმებლებსაც და სექტორსაც.

რეგულაციების ფარგლებში განიხილება საერთაშორისო გამოცდილების და საქართველოში სხვა სექტორებში უკვე არსებული პრაქტიკის გაზიარება, რაც გულისხმობს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას ან რეგულარულ ტესტირებას. ვფიქრობთ, ამ ნაბიჯებით ბევრი სიცოცხლის გადარჩენას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას შევუწყობთ ხელს”, — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ასოციაციის თანახმად, საბანკო სექტორი აქტიურად აწარმოებს თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის სიკეთეებთან დაკავშირებულ საინფორამციო კამპანიებს. მათი განცხადებით, აგვისტოს თვის მონაცემებით საბანკო სექტორში დასაქმებულთა 50% უკვე აიცრა, ან დარეგისტრირებულია ვაქცინაციის პროტალზე და გეგმავს აცრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი