ახალი ამბები

თბილისის დასუფთავების კომპანიიდან გაფიცვაში მონაწილე გაათავისუფლეს

23 აგვისტო, 2021 • 1483
თბილისის დასუფთავების კომპანიიდან გაფიცვაში მონაწილე გაათავისუფლეს

თბილისის მერიის კომპანიის, „თბილსერვისის“ თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბაღდავაძე 6 აგვისტოს გაფიცვაში მონაწილეობდა, მოგვიანებით კი კომპანიის ადმინისტრაცია ზეწოლაში დაადანაშაულა.

ბაღდავაძის თქმით, მისი გათავისუფლების მიზეზი მისივე პროტესტია.

“რომ ამივიღე ხმა, რომ სად ქრება მილიონები, ვინ ჭამს, მაგას უკავშირდება ეს ყველაფერი. ჩემი გაგდება უკავშირდება იმას, რომ ეს იყოს ყველასთვის მაგალითი, ვინც ხმას ამოიღებს, რა დაემართება”, — განუცხადა ირაკლი ბაღდავაძემ “ტვ პირველს”.

მისივე თქმით, ოფიციალური მიზეზი, როგორც მას განუმარტეს სამსახურიდან გათავისუფლება, არის ის, რომ იგი “ხალხში კონფლიქტს ქმნის”.

თბილისის მერიამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ბაღდავაძე სამსახურიდან გაფიცვის უკანონოდ ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირებისა და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა.

ბაღდავაძის განცხადებით, მან დღეს მშრალი შიმშილობა დაიწყო, რადგან სამსახურიდან მის გათავისუფლებას უსამართლოდ მიიჩნევს.

„თბილსერვისის“ თანამშრომლები 6 აგვისტოს გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნები ხელფასის მატება, სამუშაო პირობებისა და აღჭურვილობის გაუმჯობესება, დაზღვევა, შვებულების უფლებით სარგებლობა და პროტესტის გამოხატვისა და გაფიცვის გამო „ხელშეუხებლობა“, ანუ სამუშაო ადგილის შენარჩუნება იყო.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაფიცვას „დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა. მოგვიანებით, 8 აგვისტოს, დასაქმებულთა ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა.

რას ითხოვენ დასუფთავების სამსახურის გაფიცული მუშები – რეპორტაჟი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი