ახალი ამბები

წელს კორონავირუსით 8 ორსული გარდაიცვალა, მე-9 შემთხვევა შესწავლის სტადიაშია – გამყრელიძე

20 აგვისტო, 2021 • 1319
წელს კორონავირუსით 8 ორსული გარდაიცვალა, მე-9 შემთხვევა შესწავლის სტადიაშია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2021 წელს საქართველოში ორსულების კორონავირუსით გარდაცვალების 8 დადასტურებული შემთხვევაა, მე-9 კი შესწავლის ფაზაშია. გამყრელიძის განცხადებით, ეს მაჩვენებელი სწორედ 2021 წელს გაიზარდა საქართველოში, რადგან გასულ წელს ქვეყანაში ორსულის კორონავირუსით გარდაცვალების ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

“კოვიდის პერიოდში, სამწუხაროდ, მოიმატა ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა და ჩვენც, საქართველოში გვაქვს ორსულთა გარდაცვალების შემთხვევები, განსაკუთრებით წელს. შარშან გვქონდა 1 შემთხვევა, წელს უკვე დადასტურებულია 8 და მე-9 შესწავლის სტადიაშია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ორსულთა აცრა დაშვეუბლია კორონავირუსის საწინააღმდეგო მხოლოდ სამი ვაქცინით, ესენია: ფაიზერი, ასტრაზენეკა და მოდერნა. გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში ორსულთა ვაქცინაცია სწორედ ამ მიზეზით დაიწყო დაგვიანებით, რადგან ფაიზერის დიდი დოზები ქვეყანაში ივნისის ბოლოსთვის შემოვიდა, ასტრაზენეკა დაშვებულია მხოლოდ 45 წელს ზემოთ, მოდერნას წარმოების ვაქცინა კი საქართველოში არ არის შემოტანილი.

“რატომ დაგვიანდა ორსულთა აცრა… ორსულთა აცრები დღესდღეობით დაშვებულია მხოლოდ სამი ვაქცინით, ეს გახლავთ ფაიზერი, მოდერნა და ასტრაზენეკა. იქაც არის გაფრთხილება, რომ უნდა იყოს შეთანხმება ორსულს, ექიმს და ოჯახს შორის. უნდა აიხსნას კარგად, რომ აცრა იცავს ორსულს. ჩინურ ვაქცინებს, მიუხედავად იმისა, რომ ინაქტირებული ვაქცინებია და ზოგადად ამ პრინციპზე დამყარებული ვაქცინები კეთდება ორსულებში, მათ მაინც უწერიათ, რომ კვლევები არ არის ჩატარებული, ამიტომ ჩვენ ვერ ავცრიდით ორსულებს ჩინური ვაქცინებით.

მოგეხსენებათ, ფაიზერის მნიშვნელოვანი დოზები ქვეყანაში ივნისის ბოლოს შემოვიდა. ამიტომაც ჩვენ ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრები და ასტრაზენეკაზე ქვეყანაში დაწესებულია ასაკობრივი ზღვარი, 45 წელი, რეპროდუქციული ასაკის ზედა ზღვარი. ამიტომ ეს არის ის ორი ფაქტორი, რატომ დაგვიანდა ორსულების ვაქცინაცია. ასევე, ძალიან დიდი სიფრთხილეა თვითონ ორსული ქალბატონების და ასევე ჩემი კოლეგების, მეან-გინეკოლოგების. სამწუხაროდ, ბევრი ჩემი კოლეგა არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას, არადა, აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან. დღეს ქვეყანაში ფაიზერის შესაბამისი მარაგია, რომ ისინი აიცრან”, – განმარტა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ორსულობისას ქალები ყოველგვარი ინფექციური დაავადების შემთხვევაში მომატებული რისკის ქვეშ არიან, ამ ინფექციებს შორის კი არის კორონავირუსიც. NCDC-ის დირექტორის თქმით, ორსულობისას აუცილებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, ისევე როგორც გრიპის შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი