დიღმის საველე ჰოსპიტალმა პირველი პაციენტები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.

„გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტლის ოპერირება დაგვეწყო. 9 პაციენტი განთავსდა, მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და ჰოსპიტალი სრული დატვირთვით დღეიდან შეუდგება ფუნქციონირებას“, – აცხადებს ის.

მისივე განმარტებით, საველე ჰოსპიტალი დროებითი დაყოვნებისთვის მოეწყო.

„ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, 2-3 დღეზე მეტი არ მოხდება საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება“, – აცხადებს თამარ გაბუნია და ამატებს, რომ ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად დატვირთულია და პაციენტების მიღება ძირითადად მას შემდეგ ხდება, რაც ამა თუ იმ კლინიკაში ადგილი თავისუფლდება.

თბილისში, დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტდარბაზში, საველე ჰოსპიტალი ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გახსნა. ჯამში, მას 500-მდე პაციენტის მიღება შეეძლება.

“დიღმის საველე ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტს მოემსხურება” — ტიკარაძე