ახალი ამბები

2020-ის არჩევნებზე სკოლის დირექტორები პოლიტიკური მიზეზით გაათავისუფლეს – ISFED-ის ანგარიში

18 აგვისტო, 2021 • 1113
2020-ის არჩევნებზე სკოლის დირექტორები პოლიტიკური მიზეზით გაათავისუფლეს – ISFED-ის ანგარიში

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშის თანახმად, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას აიძულებენ და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების საკითხს იყენებენ. ISFED-ის ცნობით, აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით აქტიუალური იყო 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას.

კერძოდ, “სამართლიანი არჩევნები” განმარტავს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას დირექტორებზე ზეწოლის ბერკეტად საჯარო სკოლებში განხორციელებული დაუგეგმავი ისნპექტირებები გამოიყენებოდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას კი, ორგანიზაციის ცნობით, მმართველმა პარტიამ დირექტორების წინააღმდეგ მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვა გამოიყენა.

“2020 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, რამდენიმე დირექტორს, რომელთაც უფლებამოსილების ექვსწლიანი ვადა დაუმთავრდათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხელშეკრულება არ გაუგრძელა, მაშინ, როცა ზოგიერთი დირექტორი მოვალეობის შემსრულებლად დატოვა”, – ნათქვამია ანგარიშში.

დირექტორად მუშაობის უფლებამოსილების ექვსწლიანი ვადის ათვლა 2014 წლიდან იწყება, როდესაც ამ პოზიციაზე შესაბამისი კანდიდატურები სკოლების სამეურვეო საბჭოებმა შეარჩიეს, შემდეგ კი განათლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდნენ აღნიშნულ თანამდებობეზე. 2021 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით უფლებამოსილების ვადა 1003 დირექტორს გაუვიდა, საიდანაც განათლების სამინისტრომ 891 დირექტორი მოვალეობის შემსრულებლად დატოვა, 112 კი -არა.

“სამართლიანმა არჩევნებმა“ საჯარო სკოლების დირექტორების უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ მოვალეობის შესრულების დაკისრების პრაქტიკა და სამართლებრივი საფუძვლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლის დირექტორის მაგალითზე შეისწავლა. ორგანიზაციის შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილებები არათანმიმდევრული და დაუსაბუთებელი იყო, რადგან მათი უმრავლესობა წარმატებულ დირექტორებად მიიჩნეოდნენ.

დირექტორთა ხელშეკრულებების დიდი ნაწილის ვადის ამოწურვა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს ან მის შემდგომ პერიოდს დაემთხვა. ამდენად, მათი მოვალეობის შემსრულებლებად არდანიშვნა კითხვის ნიშნებს ბადებს გადაწყვეტილებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ეჭვებს ამყარებს ისიც, რომ ხელშეკრულების არგაგრძელების მიზეზები ან შერჩევის კრიტერიუმები სამინისტროს არ განუმარტავს; გადაწყვეტილების დასაბუთების ერთადერთი არგუმენტი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა იყო”, – განმარტებულია ანგარიშში.

“სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ დირექტორთა ნაწილისთვის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნაზე უარის თქმა გაფრთხილებაა სხვა მოვალეობის შემსრულებლებისთვისაც, რომ შესაძლოა თანამდებობის დატოვება მოუწიოთ იმ შემთხვევაში, თუ თავად მათ ან მათი ოჯახის წევრებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ექნებათ.

ანგარიშში მოთხრობილია 8 შემთხვევა, როდესაც დირექტორებმა მიიჩნიეს, რომ მათი თანამდებობიდან გათავისუფლება სწორედ მათ პოლიტიკურ შეხედულებებს ან სამინისტროს წარმომადგენლებთან შეუთანხმებლობას უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა ხობის მუნიციპალიტეტის,სოფელ პირველი მაისის სკოლის ყოფილი დირექტორის, კობა კვიკვინიას ამბავი.

“სამართლიანი არჩევნების” თანახმად, კვიკვინიამ მათთან საუბარში განაცხადა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებაზე გავლენა სოფელში მერის წარმომადგენელმა იქონია. კერძოდ, კვიკვინია ჰყვება, რომ ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მარინა ლაგვილავა, მას ხშირად მიუთითებდა სკოლის იმ მასწავლებლებზე, რომლებსაც განსხვავებული, მთავრობისადმი კრიტიკული მოსაზრებები გააჩნდათ. გარდა ამისა, არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, კვიკვინიას თქმით, მერის წარმომადგენელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა არჩევნებში მიღებული შედეგების გამო და ამაში ოპოზიციურად განწყობილ მასწავლებლებს ადანაშაულებდა.

“კვიკვინია იხსენებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მას 12 პედაგოგის სია წარუდგინეს და მიუთითეს, რომ აღნიშნული პედაგოგები „არასასურველ, თავისუფალ აზროვნებაში“ იყვნენ შემჩნეულნი. ყოფილი დირექტორის განმარტებით, ამ მიზეზით მარინა ლაგვილავას არაერთხელ შეწინააღმდეგებია. კვიკვინია მიიჩნევს, რომ სწორედ ეს შეიძლებოდა გამხდარიყო მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით თანამდებობიდან გათავისუფლებას საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებასთან აკავშირებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, ლეილა ტაველურიც, რომელიც სკოლას 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, რა დროსაც, როგორც თავად ამბობს, არც რაიმე სახის შენიშვნა მიუღია და არც სხვა სახის პასუხისმგებლობა დაკისრებია. ISFED-ის თანახმად, ტაველურს ორჯერ აქვს ჩაბარებული სკოლის დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდა, ასევე ორჯერ იყო კონკურსის წესით არჩეული დირექტორი.

ტაველური მის გათავისუფლებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი ოჯახის შორეული ნათესავის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის საარჩევნო კამპანიაში ჩართულობას უკავშირებს. ის ფიქრობს, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ინტერესი ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივ თანამშრომელს, ბორის ანდრიაშვილს, რომლის მეუღლეც ტაველურის გათავისუფლების შემდეგ იმავე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ISFED-ის ინფორმაციით, მას სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული არ აქვს.

პოლიტიკური შეხედულებების გარდა, ორგანიზაციის ანგარიშში ყოფილი დირექტორები საუბრობენ სამინისტროსთან უთანხმოებაზეც, რასაც, როგორც თავად ამბობენ, მათი თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთია თბილისის მეათე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, ბელა ხუბუტია.

ხუბუტიას თქმით, მას სამინისტროსთან დავა სკოლის შენობის თაობაზე ჰქონდა. კერძოდ, ყოფილი დირექტორის თქმით, 2017 წლიდან მოსწავლეების მშობლებთან ერთად აქტიურად ითხოვდა სკოლის ავარიული შენობის გამაგრებას, თუმცა მოთხოვნის შესრულების ნაცვლად სამინისტრო სთავაზობდა მოსაწვლეების სხვადასხვა სკოლებში გადანაწილებას, რასაც ხუბუტია არ ეთანხმებოდა. ამასთან, ხუბუტია ამბობს, რომ სოციალური ქსელ Facebook-ის პირად ანგარიშზე ყოველთვის ღიად აფიქსირებდა საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს, მათ შორის მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკასაც. ხუბუტიას თქმით, ამის შესახებ მისთვის პირად საუბრებში არართხელ მიუნიშნებიათ.

ხელშეკრულების ვადის ამოწურვა – შრომითი ურთიერთობის დასრულების ფორმალური მიზეზი

“სამართლიანი არჩევნები” ანგარიშში განმარტავს, რომ 2014 წელს, კონკურსის წესით, სკოლების სამეურვეო საბჭოების მიერ შერჩეული და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დირექტორების უმრავლესობას უფლებამოსილების ექვსწლიანი ვადა 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოეწურა. განათლების სამინისტრომ დირექტორთა კონკურსი ვერ ჩაატარა და 2013-2014 წლების პრაქტიკის მსგავსად მოქმედ დირექტორებს უფლებამოსილება მოვალეობის შემსრულებლების სტატუსით გაუხანგრძლივა.

ISFED-ის ცნობით, განათლებისა და მეცნიერეიბის სამინისტროს მიდგომა დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებად დანიშვნასთან დაკავშირებით თანმიმდევრული არ აღმოჩნდა:

“ყოფილ დირექტორებთან ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ადგილობრივი რესურსცენტრის გამოყენებით, ერთგვარი მახე დაუგო „არასასურველ“ დირექტორებს. კერძოდ, რესურსცენტრმა „სასურველ“ დირექტორებს ინსტრუქცია წინასწარ მისცა, რომ დოკუმენტების ბრუნვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მიემართათ სამინისტროსთვის და მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა ეთხოვათ, „არასასურველ“ დირექტორებს კი ასეთი მითითება არ მიუღიათ. ასე მაგალითად, მცხეთის მუნიციპალიტეტის, ვაკე- საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის ადგილობრივმა რესურსცენტრებმა „სასურველ“ დირექტორებს ამგვარი ინსტრუქცია მისცეს, ის დირექტორები კი, რომლებიც რესურსცენტრებისთვის გადაცემულ სიაში არ აღმოჩნდნენ, დროულად არ გაუფრთხილებიათ.

ერთ-ერთმა დირექტორმა, დოდო ჭოტორლიშვილმა კოლეგა დირექტორებისგან გაიგო, რომ რესურსცენტრმა მათ ამგვარი ინსტრუქცია გასცა და თავადაც მოასწრო ხელშეკრულების ვადის გასვლამდე სამინისტროსთვის მიმართვა. ამის მიუხედავად, ჭოტორლიშვილი მოვალეობის შემსრულებლად მაინც არ დანიშნულა. ჭოტორლიშვილის მსგავსად, სამინისტროს ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მიმართა ხობის პირველი მაისის სკოლის დირექტორმა, კობა კვიკვინიამ, თუმცა ის მოვალეობის შემსრულებლად მაინც არ დანიშნულა”, – ნათქვამია ანგარიშში.

“სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, მათ სამინისტროს მიმართეს კითხვით, თუ კონკრეტულად რა კრიტერიუმების საფუძველზე დაინიშნენ დირექტორები უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ მოვალეობის შემსრულებლებად, რაზეც სამინისტრომ “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 41-ე მუხლის მეოთხე პუნქტი მოიხმო, რომლის თანახმადაც:

“მინისტრი უფლებამოსილია დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე, დირექტორის ფუნქციებს ასრულებს დირექტორის ის მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის ის თანამშრომელი, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად მითითებულია მართვის საინფორმაციო სისტემაში”.

თუმცა, როგორც ორგანიზაცია განმარტავს, აღნიშნულ კანონზე მითითებით, სამინისტრომ მინისტრის დისკრეციულ უფლებას გაუსვა ხაზი. “სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ვითარებაში მინისტრის გადაწყვეტილების დისკრეციული უფლებამოსილებით გამართლება სამართლებრივად მიუღებელი არგუმენტია.

“პირთა ფართო წრის მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას, ერთ მდგომარეობაში მყოფი პირებიდან რამდენიმე პირის მიმართ არსებითად უთანასწორო, მათთვის საზიანოდ და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებისას დაშვებულ შეცდომას წარმოადგენს და ის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ კანონიერ გადაწყვეტილებად ვერ შეფასდება. გადაწყვეტილების მიღებისას, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების დროს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კეთილსინდისიერებისა და კანონიერების პრინციპებით იხელმძღვანელოს. დიფერენცირებული, დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული ხასიათის გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტური გარემოებებით ვერ აიხსნება, არ შეიძლება გამართლდეს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითებით”, – განმარტებულია ანგარიშში.

ISFED-ის ცნობით, მოცემულ შემთხვევაში არცერთ ყოფილ დირექტორს, ვინც უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ მოვალეობის შემსრულებლად არ დაინიშნა და მიზეზების გასარკვევად სამინისტროს შესაბამისი კითხვით მიმართა, სამინისტროსგან ინდივიდუალური, დასაბუთებული უარი არ მიუღია. ორგანიზაციის ინფორმაციით, სამინსიტრო მხოლოდ შაბლონური პასუხებით შემოიფარგლა, რაც გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

ორგანიზაციის ცნობით, გადაწყვეტილების დასაბუთებისას, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, რომ მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რომელსაც კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა.

დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და კონკურსის გაჭიანურება

“სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში ასევე საუბარია დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდების გაურკვეველი ვადით გაჭიანურებაზეც. როგორც ორგანიზაცია განმარტავს, სამინისტრო გამოცდების გაჭიანურების მიზეზად ეპიდემილოგიურ ვითარებას ასახელებს, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის ჩაითვლება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმარისად გაუმჯობესებულად იმისთვის, რომ აღნიშნული გამოცდები ჩატარდეს.

ISFED აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდები სამინისტრომ ეპიდემიოლოგიური ვითარების საფუძვლით გაურკვეველი ვადით გადადო, ჩატარდა ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებლის სტატუსის მსურველთა გამოცდები, რომელშიც, ჯამში, 77 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დირექტორთა გამოცდებზე რეგისტრირებული პირების რაოდენობა სულ 2 244-ია.

“„სამართლიანი არჩევნების“ კითხვაზე დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდების თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განმარტა, რომ სკოლის დირექტორებს, რომლებთანაც შრომითი ურთიერთობა აღარ გაგრძელდა, უფლება აქვთ საქმიანობა გააგრძელონ მასწავლებლის პოზიციაზე, ან მონაწილეობა მიიღონ საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე, რომელიც სერტიფიცირების ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება. საგულისხმოა, რომ სამინისტროს ეს მითითება ფორმალურია, რადგან დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარება თვეების მანძილზე ჭიანურდება. საგულისხმოა ისიც, რომ იმ დირექტორებს, რომლებიც თანამდებობაზე კონკურსის წესით არიან დანიშნულნი და უკვე აქვთ სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული, გამოცდის ხელახლა გავლის ვალდებულება არ აქვთ. ამ კატეგორიის დირექტორებს უფლება აქვთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე, გამოცდის გავლის გარეშე ჩაერთონ, თუმცა ასეთი კონკურსი სამინისტროს აქამდე არ გამოუცხადებია.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდებისა და, შესაბამისად, კონკურსის გაურკვეველი ვადით გადადება წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ კონკურსი განზრახ ჭიანურდება. ნიშანდობლივია ისიც, რომ საჯარო სკოლების ხელმძღვანელთა მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით დატოვება წინასაარჩევნოდ საჯარო სკოლების პოლიტიზების და მათზე ზეწოლის რისკებს ზრდის. არსებობს საფუძვლიანი რისკი, რომ მოვალეობის შემსრულებლებმა წინასაარჩევნოდ მიღებული პოლიტიკური დავალებების შესრულების ხარისხი დირექტორთა კონკურსში გამარჯვების წინაპირობად მიიჩნიონ”, – განმარტებულია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი