ახალი ამბები

კერძო კლინიკების აქტივობა საკმაოდ გართულებულია, აცხადებენ, რომ ადამიანური რესურსი არ აქვთ – ტიკარაძე

18 აგვისტო, 2021 • 1407
კერძო კლინიკების აქტივობა საკმაოდ გართულებულია, აცხადებენ, რომ ადამიანური რესურსი არ აქვთ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მართვის პროცესში კერძო კლინიკების “აქტივობა გართულებულია. ტიკარაძის განმარტებით, ამის მიზეზად კლინიკები ასახელებენ ადამიანური რესურსის ნაკლებობას.

თუმცა, მინისტრის თქმით აჭარისა და იმერეთის რეგიონებში კერძო კლინიკების წარმომადგენლებისგან სამინისტრომ მიიღო დაპირება, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე აღნიშნულ რეგიონებში საწოლების რაოდენობა დაემატება:

“კერძო კლინიკების აქტივობა საკმაოდ გართულებულია, ისინი აცხადებენ, რომ არ აქვთ ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ მიიღონ პაციენტები, თუმცა აჭარაში და იმერეთში ყოფნის დროსაც ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით კერძო კლინიკების წარმომადგენლებს და მათ მოვთხოვეთ და დავავალეთ, რომ დროულად მოახდინონ იმ არსებული რესურსის ოპტიმალურად უზრუნველყოფა, რათა ჩვენი პაციენტებისთვის გვქონდეს მაქსიმალური შესაძლებლობა, რომ ჰოსპიტალურ სექტორში გავუწიოთ მომსახურება.

ამ ეტაპისთვის ჩვენ მათი მხრიდან გვაქვს პირობა, რომ კვირის ბოლომდე აჭარაში 120 საწოლამდე დაემატება და ასევე 150 საწოლამდე უნდა დაემატოს იმერეთის რეგიონში. კლინიკებმა ხვალიდან უნდა დაიწყონ საწოლების მოწოდება და ეს საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზია იმისთვის, რომ პაციენტების მიყვანა ჯერჯერობით გაგრძელდეს ჰოსპიტალურ სექტორში და აჭარაშიც და იმერეთშიც არ გახდეს საჭირო”, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა გუშინ, 17 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის მართვისთვის საჭირო საწოლფონდი სრულად შევსებულია, თუმცა, მისი თქმით, ამ დრომდე არცერთი პაციენტი, რომელსაც სტაციონარში მკურნალობა ესაჭიროებოდა, კლინიკის გარეთ არ დარჩენილა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 57 312 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 7 029 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 461 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 327 ადამიანი იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 3 450 პირი, 46 833 ადამიანი კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

ამასთან, 18 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 49 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ვირუსს, ჯამში, 6 532 პირი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი