აზერბიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ახალი ინიციატივით გამოდის – სკოლის სახელმძღვანელოებში, სამეცნიერო ნაშრომებში, სტატიებში, წიგნებში აისახოს მისი პრეზიდენტობის დროინდელ ომში უპრეცედენტო გამარჯვება.
“ყარაბაღის მეორე ომი – ეს ჩვენი ისტორიული გამარჯვებაა. აზერბაიჯანის მრავალსაუკონოვანი ისტორიის მანძილზე მსგავსი გამარჯვება არ ყოფილა. ომის შესახებ უკვე საკმარისად ბევრი ინფორმაციაა და აღარ განვმეორდები. უბრალოდ, ახლა საჭიროა დეტალური და ვრცელი ინფორმაცია ომზე და ომამდელ პერიოდზე ჩვენს სასკოლო სახელმძღვანელოებში, სამეცნიერო ნაშრომებში, სტატიებში, წიგნებში, რათა დავაფიქსიროთ ისტორია ისეთი, როგორიც ის არის და მომავალმა თაობებმა არ დაივიწყონ, მათ შორის, სომეხთა ბარბაროსობა”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ცოლთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად ქელბაჯარისა და ლაჩინში სტუმრობის დროს. აღნიშნული რაიონები ბაქოს კონტროლქვეშ 2020 წლის ყარაბაღის 44- დღიანი ომის შედეგად გადავიდა.
გარდა ამისა, ალიევმა საკუთარ გამოსვლაში სომეხ ჯარისკაცებს მხდალები და მშიშრები უწოდა.
“სომხებმა გამოიგონეს მითი, რომ მათი არმია დაუმარცხებელია. ეს მითი ჩვენ დავანგრიეთ. დღეს სომხეთის არმია აღარ არსებობს. ის მთლიანად გადანდგურებულია. მათი შეიარაღების აბსოლუტური უმრავლესობა განადგურებულია და ჩვენს სამხედრო პარკში ექსპონატებადაა წარმოდგენილი. სომეხი ჯარისკაცი დეზერტირი და მშიშარაა. თავად აღიარეს, რომ ომის დროს 10 ათასი დეზერტირი იყო. აზერბაიჯანის არმიაში- არცერთი”.
12 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ომის პარკი გახსნა. პარკში წარმოდგენილია მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს აზერბაიჯანული არმიის მიერ მოპოვებული მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკა და გათხრილი სანგრები. გარდა ამისა, პარკში წარმოდგენილია ცვილის ფიგურები, რომლებიც მოწინააღმდეგეთა ოფიცრებს განასახიერებენ. ომის პარკის გახსნას კრიტიკული შეფასები მოჰყვა როგორც სომხეთში, ასევე, აზერბაიჯანული საზოგადოების ნაწილში.
გენოციდის წახალისება – ალიევის გახსნილ “ომის პარკს” სომხეთის ომბუდსმენი ეხმაურება