ახალი ამბები

თავშესაფარი უნდა მიეცეს მათ, ვისაც დევნის საფრთხე ემუქრება — ევროპარლამენტის პრეზიდენტი

16 აგვისტო, 2021 • 995
თავშესაფარი უნდა მიეცეს მათ, ვისაც დევნის საფრთხე ემუქრება — ევროპარლამენტის პრეზიდენტი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი აცხადებს, რომ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრებათ, თავშესაფარი უნდა მიეცეთ.

მისი თქმით, ავღანეთში შექმნილი ვითარება ევროკავშირისგან ერთიან რეაგირებას მოითხოვს.

“ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი და ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც იცავს ქალთა უფლებებს და ავღანელებს საშუალებას მისცემს იცხოვრონ უსაფრთხოდ და ღირსეულად. თავშესაფარი უნდა მიეცეს მათ, ვისაც დევნის საფრთხე ემუქრება”, — დაწერა სასოლიმ ტვიტერზე.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ხვალ, 17 აგვისტოს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სპეციალურ ვიდეოკონფერენცია გაიმართება, სადაც ავღანეთის საკითხზე იმსჯელებენ.

მისი თქმით, ავღანეთი გზაჯვარედინზე დგას და საფრთხე ემუქრება როგორც მისი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოებას.


15 აგვისტოს თალიბანის მებძოლებმა  ქაბულზე კონტროლი მოიპოვეს. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და მეზობელ ტაჯიკეთში თვითმფრინავით გაემგზავრა.

ქაბულზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, “თალიბანმა” 20-წლიანი ომი დასრულებულად გამოაცხადა.

ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტი არის ერთადერთი ადგილი ქვეყანაში, რომელსაც “თალიბანი” ვერ აკონტროლებს.

გარდა უცხოელი მოქალაქეებისა, ქაბულის აეროპორტის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი