ახალი ამბები

ჰაიტიში მიწისძვრას, სულ მცირე, 1297 ადამიანი ემსხვერპლა

16 აგვისტო, 2021 • 2363
ჰაიტიში მიწისძვრას, სულ მცირე, 1297 ადამიანი ემსხვერპლა

ჰაიტიში 15 აგვისტოს მომხდარ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მასშტაბური მსხვერპლი მოჰყვა. „როიტერსის“ ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, 1297 ადამიანი, დაშავდა 5700. მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ საავადმყოფოები, ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაინგრა 13 694 სახლი, ზიანი მიადგა 13 785-ს.

ამასთან ერთად, მიწისძვრის და მისი შედეგების გამო გართულდა აუცილებელი პროდუქტების ტრანსპორტირება.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 8:30-ზე მოხდა, ეპიცენტრი ქალაქ სენტ-ლუის-დუ-სუდისგან დაახლოებით 12 კილომეტრით იყო მოშორებული.

ჰაიტის უკვე დაჰპირდნენ დახმარებას  სხვადასხვა ქვეყნები და ორგანიზაციები — „წითელი ჯვარი“, „ექიმები საზღვრების გარეშე“, აშშ, ჩილე, მექსიკა, პანამა, დომინიკელთა რესპუბლიკა და კოლუმბია.


2010 წლის 12 იანვარს ჰაიტიში მოხდა 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომელსაც, 24 იანვრის მონაცემით, სულ მცირე 52 აფტერშოკი მოჰყვა. ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 220 000-დან 316 000 -მდე ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი