ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქაბულის აეროპორტს აზერბაიჯანელი სამხედროებიც დაიცავენ

16 აგვისტო, 2021 • 1196
ქაბულის აეროპორტს აზერბაიჯანელი სამხედროებიც დაიცავენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავღანეთში მყოფი 120 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი რაზმი თურქ სამხედროებთან ერთად ქაბულის აეროპორტს დაიცავს.

სამინისტროს თანახმად, აზერბაიჯანული სამშვიდობო მისია, რომელიც ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა სამშობლოში, აგრძელებს აეროპორტის დაცვას.

2018 წელს აზერბაიჯანელი სამხედროების რიცხვი 94-დან 120-მდე გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ ქვეყანა “ნატოსა” და მოკავშირე ქვეყნების სამხედროებმა დატოვეს, ბაქოს ჯერ კიდევ არ გამოუწვევია საკუთარი სამშვიდობო მისია ავღანეთიდან.

15 აგვისტოს “თალიბანის მებძოლებმა”  ქაბულზე კონტროლი მოიპოვეს. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და მეზობელ ტაჯიკეთში თვითმფრინავით გაემგზავრა.

ქაბულზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, “თალიბანმა” 20-წლიანი ომი დასრულებულად გამოაცხადა.

ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტი არის ერთადერთი ადგილი ქვეყანაში, რომელსაც “თალიბანი” ვერ აკონტროლებს.

აეროპორტის ტერიტორიაზე, გარდა თურქული და აზერბაიჯანული რაზმებისა, ასევე იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ქვეყანაში საელჩოების თანამშრომლების ევაკუაციის მიიზნით მიავლინეს.

გარდა უცხოელი მოქალაქეებისა, ქაბულის აეროპორტის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი