ახალი ამბები

თალიბანი ქაბულს უახლოვდება, იკავებს ქალაქებსა და პროვინციებს

14 აგვისტო, 2021 • 1594
თალიბანი ქაბულს უახლოვდება, იკავებს ქალაქებსა და პროვინციებს

თალიბანის მებრძოლები, რომელთაც გასულ კვირებში ავღანეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს, ქვეყნის დედაქალაქს უახლოვდებიან. ამ ფონზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, დასავლეთის სახელმწიფოები კი ქვეყნიდან თავიანთი მოქალაქეების გასაყვანად ემზადებიან.

BBC-ის თანახმად, ვრცელდება ცნობები ბრძოლების შესახებ ქალაქ მაიდან შარში, რომელსაც ქაბულიდან 40 კმ აშორებს. ასეთივე ინფორმაცია მოდის მაზარ-ი-შარიფიდან: ის მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული ბოლო საკვანძო ქალაქია ქვეყნის ჩრდილოეთში.

შაბათს შეიარაღებულმა მებრძოლებმა კიდევ ორი პროვინციის დედაქალაქზე – აღმოსავლეთში მდებარე ფაქტიკასა და ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქუნარზე – დაამყარეს კონტროლი. ამ მოცემულობით, თალიბანი რეგიონული დედაქალაქების ნახევარზე მეტს აკონტროლებს.

250 000-ს გადააჭარბა იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა, რომელთაც ბოლო თვეებში სახლები დატოვეს და ქაბულს მიაშურეს უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში.

თალიბანის მებრძოლები ქალაქ ჰერათში, რომელიც დაჯგუფებამ მიმდინარე კვირაში დაიკავა. 13.08.21 ფოტო: EPA

პარალელურად, სააგენტო Reuters ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თალიბანის კონტროლის ქვეშ მოექცა ლოგარის პროვინციის დედაქალაქი პულ-ი-ალამიც, რომელიც ქაბულიდან 70 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

“როგორც თქვენი პრეზიდენტი, ორიენტირებული ვარ არასტაბილურობის, ძალადობისა და ჩემი ხალხის იძულებით გადაადგილების პრევენციაზე”, – თქვა ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ სატელევიზიო მიმართვისას, რომელიც 14 აგვისტოს გავრცელდა.

მისი განცხადებით, კონფლიქტის დასასრულებლად კონსულტაციებს მართავს მთავრობასთან, უხუცესებთან, პოლიტიკოსებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. Reuters-ის თანახმად, ღანის არ უპასუხია თალიბანის მოთხოვნისთვის, რომელიც მის გადადგომას გულისხმობს. დაჯგუფება მხოლოდ ამ შემთხვევაშია თანახმა რაიმე სახის მოლაპარაკებაზე.

იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები ქაბულში. 10.08.21 ფოტო: EPA

აშრაფ ღანის სიტყვებით, მისი პრიორიტეტი ახლა ავღანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების კონსოლიდაციაა და ამისათვის “სერიოზული ნაბიჯები იდგმება”.

მოვლენები ავღანეთში ძალიან სწრაფად ვითარდება, თალიბანის წინსვლის შემაკავებელი ნიშნები კი, ჯერჯერობით, არ ჩანს. დაჯგუფება განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

BBC-ის თანახმად, ქალები დაჯგუფების მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან იუწყებიან, რომ მათ ბურკით(ისლამური სამოსი, რომელიც სახესა და სხეულს მთლიანად ფარავს) სიარულს აიძულებენ. ასევე ვრცელდება ცნობები იმ ადამიანების ცემისა და გაროზგვის შესახებ, რომლებიც არღვევენ რადიკალების მიერ დაწესებულ სოციალურ ნორმებს.

ხალხმრავლობა ავღანეთი-პაკისტანის საზღვარზე, თალიბანის წინსვლისა და საბრძოლო მოქმედებების პარალელურად. 13.08.21 ფოტო: EPA

ამ ფონზე, დასავლეთის ქვეყნები ავღანეთიდან თავიანთი მოქალაქეების გასაყვანად ემზადებიან. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ქაბულში გაგზავნილი ამერიკელი სამხედროები ყოველდღიურად ათასობით ადამიანის გაყვანას შეძლებენ. ქვეყანაში სამხედროებს აგზავნის ბრიტანეთიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი