ახალი ამბები

არ აამოქმედოთ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან ხელმოწერილი შეთანხმება – HRHT სახელმწიფოს

14 აგვისტო, 2021 • 1038
არ აამოქმედოთ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან ხელმოწერილი შეთანხმება – HRHT სახელმწიფოს

“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი”(HRHT) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ აამოქმედოს ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან ხელმოწერილი თანამშრომლობის შეთანხმება.  ორგანიზაციამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ზემოხსენებული დოკუმენტი ბელარუსში ოფიციალურად შევიდა ძალაში.

საუბარია 2016 წელს ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობას ეხება. შეთანხმების ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისთვის, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია.

HRHT ხაზს უსვამს, რომ მისი ხელმოწერიდან 5 წლის შემდეგ, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ეს დოკუმენტი ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებსაიტზე გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელარუსში ის ძალაში შევიდა.

რაც შეეხება ქართულ მხარეს: საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებსაიტზე შეთანხმების ტექსტი, ჯერჯერობით, არ გამოქვეყნებულა.

“…შესაბამისად, საქართველოში, სავარაუდოდ, მას იურიდიული ძალა ჯერ არ შეუძენია. თუმცა, არსებობს 2020 წლის 6 აგვისტოს დადგენილება, რომელიც ამტკიცებს შეთანხმების ძალაში შესვლას და მის ასამოქმედებლად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებას”, – აღნიშნავს ორგანიზაცია, შემდეგ კი დასძენს:

“შეთანხმების მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია, ოპერატიულად ითანამშრომლონ სხვადასხვა დანაშაულებთან საბრძოლველად, მათ შორის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური მთლიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმი სწორედ მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს უფლებადამცველებსა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს, რითაც ახშობს ბელარუსში კრიტიკულ აზრს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და კრძალავს ქვეყანაში უფლებადამცველების ლეგიტიმურ საქმიანობას”.

“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” ხაზს უსვამს, რომ იმ ხისტი და ძალადობრივი ქმედებების ფონზე, რომელთაც ბელარუსის ხელისუფლება ახორციელებს დისიდენტების მიმართ, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს თუ სხვა შეზღუდვებს აწესებენ.

ორგანიზაციის პოზიციაა, რომ საქართველოს მხარემ არ უნდა დაუშვას უსაფრთხოების სამსახურებს შორის დადებული შეთანხმების რეალური ამოქმედება, რადგან აღნიშნული დოკუმენტის გამოყენება საფრთხეს შეუქმნის საქართველოში დევნილობაში მყოფ ბელარუსებს, განსაკუთრებით, უფლებადამცველებსა და აქტივისტებს.

“უფლებადამცველების დაცვის ვალდებულება კი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სახელმწიფოს აკისრია.  ბელარუსის ავტორიტარულ რეჟიმთან ამოქმედებული შეთანხმებით და მისი გამოყენებით, საქართველოს მხარე უხეშად დაარღვევს ადამიანის უფლებებს, საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ადამიანის უფლებათა სახლი, მოუწოდებს საქართველოში მყოფ ბელარუს უფლებადამცველებს თუ პოლიტიკურ დევნილებს, მოგვმართონ სამართლებრივი დახმარებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხო ყოფნა საქართველოში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

1 წელი ბელარუსის პროტესტიდან და შემდგომი რეპრესიები

მიმდინარე კვირაში 1 წელი შესრულდა ბელარუსის სადავო საპრეზიდენტო არჩევნებიდან, რომელშიც, ოფიციალური შედეგების თანახმად, ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ის ქვეყანას 26 წელია, მართავს.

ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები, ასევე, ბელარუსის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სხვა მოქალაქეები, არ ენდნენ ოფიციალურ შედეგებს და ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყეს.

პოლიციის წინააღმდეგობისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავად, პროტესტის მასშტაბები მალე გაიზარდა. პარალელურად, არაერთი მსხვილი ქარხნის მუშა გაიფიცა, რომელთაც სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილიც შეუერთდა.

აქციები კვირების განმავლობაში გრძელდებოდა, რასაც ბელარუსის ხელისუფლებამ ხისტად უპასუხა. დემონსტრანტებზე არაერთგზის იძალადეს როგორც ქუჩებში, ისე საპატიმროებში. დაიწყო მასობრივი დაკავებები. ოპოზიციის არაერთი ლიდერი, აქტივისტი და ჟურნალისტი, ამჟამად, ციხეშია, ნაწილმა კი ქვეყანა დატოვა ან დაატოვებინეს.

მიმდინარე წლის მაისში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც 23 მაისს ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო.

ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი.

ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო სოფია საპეგა აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.

დასავლურმა სახელმწიფოებმა და თავად ავიაკომპანია “რაინეარმა”, აღნიშნულ ინციდენტი სახელმწიფო ტერორიზმად შეაფასეს. კრიტიკას ბელარუსის ხელისუფლება არ ეთანხმება.

ზემოხსენებული მოვლენების ფონზე, ბელარუსს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები. მათ შორის არიან ევროკავშირის სახელმწიფოები და აშშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი