საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის ბრძანებით, 14 აგვისტოდან ქვეყნის მასშტაბით ტაძრებში გარკვეულ შეზღუდვებზე გაიცა რეკომენდაციები.

„14 აგვისტოდან სამი კვირის მანძილზე, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნას დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებული იქნას ერთჯერადი ჭიქები“, – წერია ბრძანებაში.

ბრძანება 13 აგვისტოს გამოქვეყნდა საპატრიარქოს ვებ-გვერდზე.


საქართველოში 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეზღუდვები წესდება:

  • იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა (შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს);
  • კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 00:00 საათისა, 23:00 საათამდე იქნება დასაშვები, ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა კი შეიზღუდება;
  • სრულიად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები (გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით);
  • მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორს თანამშრომლების მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა.

ამავდროულად, სახელმწიფოს ლიდერები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

შეზღუდვები, რომლებიც 14 აგვისტოდან ამოქმედდება