არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” GDI ანგარიშს აქვეყნებს და 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს აფასებს.
დოკუმენტში, სახელწოდებით “მარში ღირსების გარეშე” GDI ხაზს უსვამს, რომ 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო LGBTQI+ თემის წევრების, მხარდამჭერების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების ეფექტური დაცვა სიძულვილის და ძალადობრივი ჯგუფებისაგან, რის შედეგადაც ფიზიკურად დაშავდნენ რიგითი ადამიანები, აქტივისტები და ჟურნალისტები, დაზიანდა მედიის ტექნიკა და ჩაიშალა „ღირსების მარში“.
ორგანიზაციის თქმით, რაც კიდევ უფრო მეტად საგანგაშოა, ხელისუფლებამ არა მხოლოდ არ მიიღო ეფექტური თავდაცვითი და პრევენციული ზომები, არამედ თავად წაახალისა ძალადობა და აგრესია „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ მიმართული ჰომოფობიური, ანტიდემოკრატიული განცხადებებით.
GDI აღნიშნავს, რომ წამახალისებელი ეფექტი გრძელდება, რადგან ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ სიძულვილის ჯგუფების ორგანიზატორები. შედეგად კი ჩნდება დაუსჯელობის განცდა ძალადობაში მონაწილე პირებში, ასევე – დაუცველობისა და შიშის განცდა საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი , LGBTQI+ თემში, აქტივისტებსა და ჟურნალისტებში:
“აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ დაარღვია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვასთან დაკავშირებით დადგენილი პოზიტიური ვალდებულება. სამწუხაროდ 5 ივლისის მოვლენები არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები, რათა LGBTQI+ თემს ესარგებლა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
GDI-ს თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები ადასტურებს ქვეყანაში ჩაკეტილი წრის არსებობას. კერძოდ, LGBTQI+ თემის წევრებსა და მხარდაჭერებს არ ეძლევათ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჩაკეტილ წრეს ქმნიან ულტრანაციონალისტური, რადიკალური, პრორუსული სიძულვილის ჯგუფები, სასულიერო პირები და თავად ხელისუფლება, რომელსაც ამ წრის გარღვევის რეალური ინტერესი და ნება არ ჰქონია. შესაბამისად, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება უგულებელყოფს და ლახავს კონსტიტუციურ და საერთაშორისო ვალდებულებებს.
ამასთან, GDI ხაზს უსვამს, რომ 5 ივლისს განხორციელებული თავდასხმის ფაქტები აშკარად აღწევს არასათანადო მოპყრობის მინიმალურ სტანდარტს, რადგან ამ ქმედებებმა მსხვერპლებს, ანუ მედიის წარმომადგენლებს, LGBTQI+ თემის წევრებსა და აქტივისტებს აღუძრეს შიშის, ტანჯვის, დაუცველობის და დამცირების განცდა, რაც დასტურდება შემდგომში თავად დაზარალებულების ნაამბობით.
შესაბამისად, ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (ევროკონვენციის) მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებამ LGBTQI+ თემის წევრები და მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები სათანადოდ არ დაიცვა სიძულვილის ჯგუფების მხრიდან მუქარისგან, აგრესიისა და ძალადობისგან, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ან უნდა სცოდნოდა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის რეალური რისკის არსებობის შესახებ.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ევროკონვენციის მე-11 მუხლის დარღვევით, ხელისუფლებამ არ უზრუნველყო LGBTQI+ თემის წევრების, მხარდამჭერებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ „ღირსების მარშის“ გამართვა, ანუ შეკრების თავისუფლებით სარგებლობა უსაფრთხო გარემოში:
“აღსანიშნავია, რომ ერთი მხრივ, მარშის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას შესთავაზეს ალტერნატიული მარშრუტი და ასევე წინასწარ აწვდიდნენ ინფორმაციას მუქარის, მოსალოდნელი ძალადობის ორგანიზების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, სიძულვილის ჯგუფები თავად აცხადებდნენ საჯაროდ მარშის ჩაშლის გეგმების შესახებ. აღნიშნულის ფონზე „ღირსების მარშის“ ორგანიზატორები ხელისუფლებისგან ითხოვდნენ დაცვის კონკრეტულ გარანტიებსა და პრევენციულ ღონისძიებებს, რაც არ შესრულდა” ,- აცხადებენ ანგარიშის ავტორები.
ზემოაღნიშნული უფლებები, GDI-ს თქმით, ევროკონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში დისკრიმინაციული, ჰომოფობიური მოტივით დაირღვა. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ევროკონვენციის მე-10 მუხლის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებას არ ჰქონია ეფექტური რეაგირება სიძულვილის ჯგუფების მიერ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების აღსაკვეთად.
“შესაბამისად, მან არ უზრუნველყო ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება უსაფრთხო გარემოში. LGBTQI+ თემი წარსულშიც არაერთხელ გამხდარა ულტრანაციონალისტური და სიძულვილის ჯგუფების ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი. როგორც ამ ჰომოფობიური გამოცდილებიდან, ისე 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ხელისუფლება სისტემურად არ უზრუნველყოფს LGBTQI+ თემის წევრებისა და მხარდამჭერების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით ეფექტურ სარგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფოს არ აქვს LGBTQI+ თემის უფლებების დაცვის რეალური ნება და ინტერესი, რითაც უგულებელყოფს კონსტიტუციურ და საერთაშორისო ვალდებულებებს” ,– აცხადებენ ორგანიზაციაში.