ახალი ამბებიგართობა

თალიბანმა დაიკავა ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი

13 აგვისტო, 2021 • 1754
თალიბანმა დაიკავა ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი

თალიბანმა დაიკავა ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარი, რაც მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ბოლო კვირების განმავლობაში. ქალაქი სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანია, წარმოადგენს რა ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ჰაბს.

როგორც სააგენტო Reuter-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, თალიბანმა ყანდაარზე კონტროლი გასულ ღამეს, მძიმე ბრძოლების შემდეგ დაამყარა. ასე ჩაიგდეს ხელში შეიარაღებულებმა მიმდინარე კვირაში კიდევ ერთი ქალაქი, ჰერათისა და ღაზნის შემდეგ.

BBC-ის ცნობით, ამჟამინდელი მოცემულობით, თალიბანი ჩრდილოეთ ავღანეთის დიდ ნაწილსა და ქვეყნის რეგიონული დედაქალაქების თითქმის მესამედს აკონტროლებს. ის განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

შეიარაღებულების სწრაფი წარმატების ფონზე, პენტაგონმა 48 საათის განმავლობაში დამატებით 3 000 სამხედროს მობილიზება გადაწყვიტა, რათა აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია უზრუნველყოს. დიდი ბრიტანეთის თქმით კი, 600 სამხედროს აგზავნის ავღანეთში თავისი მოქალაქეების მშვიდობიანად გამოსაყვანად.

ავღანეთის მთავრობა ამ დრომდე აკონტროლებს მთავარ ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ ქაბულს, მაზარ-ი-შარიფს ქვეყნის ჩრდილოეთით და ჯალალაბადს ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან. თუმცა, აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხედვით, თალიბანს შეუძლია, ქაბული 30 დღეში მოაქციოს იზოლაციაში, 90 დღეში კი, სავარაუდოდ, მთლიანად დაიკავოს ის.

ქალაქი ღაზნი, რომელიც შეიარაღებულებმა მიმდინარე კვირაში აიღეს, მეტად მნიშვნელოვანია თალიბანისთვის, ვინაიდან ქაბულისა და ყანდაარის საავტომობილო გზაზე მდებარეობს.

BBC-ს თანახმად, მხოლოდ მიმდინარე კვირაში ქაბულს ათობით ათასი დევნილი მიაწყდა, რომლებიც თავიანთი დასახლებებიდან ქუჩის ბრძოლებს გაექცნენ. ორგანიზაცია “Save the Children” იტყობინება, რომ ბოლო დღეებში დედაქალაქში 72 000 ბავშვი ჩავიდა.

ოთხშაბათს ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი გაემგზავრა ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, რომელიც, ტრადიციულად, თალიბანისადმი წინააღმდეგობითაა ცნობილი. ამ გზით ღანი შეეცადა, თავი მოეყარა სამთავრობო ძალებისთვის შეიარაღებულების წინააღმდეგ საბრძოლველად. ქალაქის დაცვის საკითხებზე მას ასევე ჰქონდა კონსულტაციები ეთნიკურად ტაჯიკ და უზბეკ ლიდერებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი