ახალი ამბები

პოლიციელის თქმით, სამსახურიდან უშვებენ ცოლისძმის საბანაძესთან კავშირის გამო

11 აგვისტო, 2021 • 1724
პოლიციელის თქმით, სამსახურიდან უშვებენ ცოლისძმის საბანაძესთან კავშირის გამო

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, თამაზ ჯოხაძე აცხადებს, რომ ზემდგომი პირები მასზე ზეწოლას ახდენენ, რათა წასვლის შესახებ განცხადება დაწეროს.

მისი თქმით, ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, რაც უკავშირდება ექსპრემიერ გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროინდელ მინისტრის მოადგილეს, კახა საბანაძეს.

შსს-ში ბრალდებას უარყოფენ.

ჯოხაძემ 11 აგვისტოს ფეისბუკ-ლაივში თქვა: „ვეკითხები ორივე მათგანს [ზემდგომს] და ვერც ერთი ვერ მპასუხობს, თუ რატომ უნდა წავიდე სამსახურიდან“.

„ჩემი აზრით, ლოგიკური ვარაუდით, ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ჩემი სიძე, გიორგი მეზვრიშვილი, რომელიც იყო შიდა ქართლში დაცვის პოლიციის უფროსი, და გამოუშვეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იყო კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი“, – აცხადებს ის.

„ვერ მოესწრებიან, რომ მე ამის გამო წავიდე სამსახურიდან და რაც უნდათ, ის ქნან“, – ამბობს იგი.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს კითხვით ამ საკითხთან დაკავშირებით. უწყების პასუხს მიღების შემთხვევაში აქვე შემოგთავაზებთ.

განახლება: შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ფეისბუკზე გვერდმა უარყო პოლიციელის ბრალდება და განაცხადა:

„მიმდინარე წლის 11 აგვისტოს გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელების მიერ აღნიშნულ თანამშრომელთან, მისი შესაძლო დისციპლინარული გადაცდომების და უკანონო საქმიანობის შესახებ ჩატარდა გასაუბრება, რამაც გამოიწვია პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება.

ამ ეტაპზე პატრულ-ისნპექტორი თამაზ ჯოხაძე აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი