ახალი ამბები

ევსაქები, ჯაფარიძე და ხოშტარია თბილისში საერთო მაჟორიტარებს წარადგენენ

11 აგვისტო, 2021 • 1419
ევსაქები, ჯაფარიძე და ხოშტარია თბილისში საერთო მაჟორიტარებს წარადგენენ

„ევროპული საქართველო“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და ელენე ხოშტარიას „დროა“ თბილისში საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებს წარადგენენ.

ეს გადაწყვეტილება 11 აგვისტოს, საერთო ბრიფინგზე გამოაცხადეს პარტიების ლიდერებმა.

რამდენიმე კვირით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ მისი პარტია თბილისის არცერთ ოლქში არ დააყენებს მაჟორიტარობის კანდიდატებს.

ხოშტარიამ 11 აგვისტოს განაცხადა, რომ ისინი მიესალმებიან „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას.

„შესაბამისად, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და „დროა“ შეთანხმდნენ, თუ რა ტიპის განაცხადს გავაკეთებთ“, — განაცხადა მან.

პოლიტიკოსების თანახმად, კონკრეტულ კანდიდატებს კვირას, 15 აგვისტოს წარადგენენ.

გიგა ბოკერიას თანახმად, „ეს არი არის უბრალო არჩევნები“, ეს არის „პოლიტიკური ბრძოლა ბოროტებასა და თავისუფლებას შორის“.

„მნიშველოვანია, რომ ყველას ესმოდეს, – რაც ოპოზიციის უდიდეს, კრიტიკულ ნაწილს ესმის კარგად, – რომ ამ მავნებული, საზიანო და სახიფათო ხელისუფლების გამოცვლის შემდეგაც არცერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა მოხდეს სრული ძალაუფლების კონცენტრაცია“, – განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, იმედი აქვს, რომ „მოხდება [ოპოზიციის] შეჯერება სხვადასხვა კონფიგურაციით რეგიონებში და ეს მოხდება რამდენიმე დღეში და არა კვირების შემდეგ“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული. ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს, ელენე ხოშტარია – საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის. „გირჩი – მეტი თავისუფლება“ კი ვიცე-მერობის კანდიდატს წარადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი