ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური ოპოზიცია დე ფაქტო ხელისუფლებისგან “100 ქართულ პროექტზე” ინფორმაციას ითხოვს

11 აგვისტო, 2021 • 8669
აფხაზური ოპოზიცია დე ფაქტო ხელისუფლებისგან “100 ქართულ პროექტზე” ინფორმაციას ითხოვს

აფხაზეთში ვეტერანთა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია “არუაამ” აფხაზური ხელისუფლებისგან ელექტროენერგიის კრიზისის,  ეკონომიკური კრიზისისა და რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მოგვარებასთან ერთად, ქართულ მხარესთან სავარაუდო პროექტებზე ინფორმაცია მოითხოვა.

“ჩვენი ჩინოვნიკები საქართველოში სამკურნალოდ მიდიან იმ დროს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით აფხაზეთში 100-მდე პროექტი ხორციელდება. ეს პროექტები მიმართულია აფხაზეთის განადგურებაზე. ჩვენ მოვითხოვთ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა შეატყობინოს ვეტერანებს ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომლებზეც ქართველი მინისტრი საუბრობს”, – განაცხადა თემურ გულიამ, ორგანიზაციის წევრმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს შერიგების მინისტრმა, თეა ახვლედიანმა  რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამოსვლაში აფხაზურ საზოგადოებასთან მიმდინარე არაფორმალური კომუნიკაციის შედეგად და საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით დაგროვილ წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებზე საუბრისას განაცხადა, რომ “აფხაზეთის რეგიონში დაიწყო ნდობის აღდგენისკენ მიმართული 100-მდე ახალი პროექტი”, თუმცა, აღნიშნულ პროექტების დეტალებზე არ უსაუბრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი