ახალი ამბებისამართალი

აფხაზეთის მთავრობის სსიპ-ის ხელმძღვანელი პროკურატურამ დააკავა

10 აგვისტო, 2021 • 1461
აფხაზეთის მთავრობის სსიპ-ის ხელმძღვანელი პროკურატურამ დააკავა

პროკურატურამ დააკავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს უფროსი.

უწყების განცხადებით, დაკავებულს ბრალად ედება დიდი ოდეობით თანხის მითვისება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება და გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

პროკრუატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს შპს “მედერსა” და ა(ა)იპ “სოფლის განვითარების სააგენტოს” შორის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის “დანერგე მომავლის” ფარგლებში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე, 2020 წლის 31 დეკემბერს ა(ა)იპ “სოფლის განვითარების სააგენტოს” მიერ შპს “მედერის” კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანში – 116 460.09 ლარი, ტრანშის მიზნობრივად გახარჯვის დასადასტურებლად ბენეფიციარი ვალდებული იყო სააგენტოში წარედგინა ბანკის მიერ დამოწმებული დოკუმენტი თანადაფინანსების თანხის, კერძოდ, 31 325 (116 460.09 ლარის ეკვივალენტი) ევროს პოლონური კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ.

გამოძიების ვერსიით, 2021 წლის 17 თებერვალს ა(ა)იპ “სოფლის განვითარების სააგენტოში” ბრალდებულის მიერ წარდგენილი იქნა მის მიერვე დამზადებული ყალბი საგადახდო დავალება, რომლითაც თითქოს შპს “მედერის” კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან 31 325 ევრო გადაირიცხა პოლონური კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.

“ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ შპს მედერის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 116 460.09 ლარიდან, 2021 წლის 4 და 6 იანვარს, ორ ტრანშად, 84 000 ლარი გადაირიცხა ბრალდებულის მეგობრის საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებით “მომსახურების საფასური”. ამ უკანასკნელმა კი 29 000 ლარი და 52 000 ლარი გადარიცხა ი.დ-ს კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე. ბრალდებულმა კი მის პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან ნაწილი გაიტანა საბანკო ანგარიშიდან და შეიტანა სხვა ბანკში არსებულ მის პირად ანგარიშებზე, ასევე, “აჭარაბეთის” ანგარიშზე” ,- აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 29 აპრილს სსიპ “პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს” მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, ფუტკრის ოჯახების სახელმწიფო შესყიდვაზე.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ი/მ ნ.ღ-მ, რომელთანაც 18 მაისს სსიპ “პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს” მიერ გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ღირებულებით 58 800 ლარი.

აღნიშნულის შემდეგ, პროკურატურის თქმით, მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა ი/მ -მ სსიპ “პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს” მიაწოდა 60 ერთეული ფუტკრის ოჯახი და 310 ცალი სკის პაკეტი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 58 800 ლარი შეადგინა:

“1 ივნისს, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, სსიპ ,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ და ი/მ -ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე, ღირებულებით 4300 ლარი, და გაფორმდა მიღება – ჩაბარების აქტი სატრენინგო მომსახურების მიწოდების თაობაზე. ი/მ-სთან გაფორმებულ ორივე ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში, ი/მ -ის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნაცვლად, ბრალდებულის მიერ დაფიქსირებული იქნა მისი კუთვნილი პირადი საბანკო ანგარიში, რომლის საფუძველზეც ორივე შესყიდვით გათვალისწინებული თანხა, ჯამში – 63 100 ლარის ოდენობით, ჩარიცხული იქნა ბრალდებულის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე”, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების თქმით, ასევე ბრალდებულის მიერ სსიპ “პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს” კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, გამოწერილი იქნა ფიქტიური ოპერაციების ამსახველი სასაქონლო ზედნადებები. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, სსიპ “პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს” მიერ ინდმეწარმის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 9 183 ლარი. ინდმეწარმემ კი აღნიშნული თანხა ბრალდებულის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე შეიტანა.

გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს” მიერ დამტკიცებული იქნა პროგრამა “მაღალეფექტური მრავალწლიანი კენკროვანი კულტურის (ლურჯი მოცვი) წარმოების განვითარების ხელშეწყობა”:

“პროგრამის განხორციელებაზე კოორდინაციის გაწევა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება დავალებული ჰქონდა ბრალდებულს. სსიპ -ის მიერ შპს “მედერთან” გაფორმებული იყო 2019 წლის 4 დეკემბრით დათარიღებული იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც სააგენტომ შპს-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი აიღო იჯარით 5 წლის ვადით ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების და აგრომომსახურების ცენტრის მოწყობის დანიშნულებით. იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია ვერ განხორციელდა, ვინაიდან მითითებულ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდებოდა ყადაღა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, იჯარის უფლების არწარმოშობისა და, შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლის არქონის მიუხედავად, 2019 – 2020 წლებში შპს “მედერის” საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სააგენტოს მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 109 775.2 ლარი.

ამასთან, პროკურატურის თქმით, სააგენტომ შპს “მედერის” საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამუშაოების განსახორციელებლად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები გაუფორმა ბრალდებულის მეუღლის ძმას – ი/მ თ.თ-ს, საერთო ღირებულებით 72 956 ლარი.

“გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე სააგენტოს მიერ ჩარიცხული თანხიდან, 42 816 ლარი ინდმეწარმის მიერ გადარიცხული იქნა ბრალდებულის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე”, – აცხადებენ უწყებაში.

ი.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 2021 წლის 8 აგვისტოს წარედგინა, რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულ ი.დ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 აგვისტოს შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი