ახალი ამბები

15 სექტემბრიდან აშშ-ის სამხედრო ძალებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

10 აგვისტო, 2021 • 1182
15 სექტემბრიდან აშშ-ის სამხედრო ძალებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენლებს 15 სექტემბრიდან მოეთხოვებათ, აუცილებლად ჰქონდეთ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული. გადაწყვეტილება 9 აგვისტოს გამოაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა. გეგმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა.

გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, ეს ვადა, შესაძლოა, შეიცვალოს, თუკი ინფიცირებების შემთხვევები ზრდას განაგრძობს.

„ქვეყნის დასაცავად ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი და მზადყოფნაში მყოფი ძალა. მე მტკიცედ მოვუწოდებ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, სამოქალაქო პერსონალს და ასევე კონტრაქტორ პერსონალს, გაიკეთო ვაქცინა ახლა და ნუ დაელოდებიან სავალდებულო პერიოდს“, – განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

მისი განცხადებით, შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ არის „უსაფრთხო და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით. ისინი დაგიცავენ თქვენ და თქვენს ოჯახს. ისინი დაიცავენ თქვენს დანაყოფს, თქვენს ხომალდს, და თქვენს თანამშრომლებს“, – დასძინა მან.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს ოსტინის გზავნილს და გადაწყვეტილებას ვაქცინაციის დავალდებულების შესახებ.

ბაიდენის თქმით, ქვეყანა ამჟამად კვლავ საბრძოლო რეჟიმშია და „ვაქცინაცია დაეხმარება საჯარისო დანაყოფების წევრებს, იყვნენ ჯანმრთელად, უკეთ დაიცვან თავიანთი ოჯახები და დარწმუნებული იყვნენ, რომ ჩვენი ძალები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ოპერირებისთვის მზად არიან“.

პენტაგონის თანახმად, 9 აგვისტოს მონაცემებით, უკვე სრულად აცრილია ერთ მილიონ ამერიკელ ჯარისკაცზე მეტი, 237 000-ს კი ჯერჯერობით ვაქცინის პირველი დოზა აქვს მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი