ახალი ამბები

თელავის თეატრში კოვიდით დაღუპული თემურ წიკლაურის ხსოვნის საღამო იმართება

10 აგვისტო, 2021 • 2465
თელავის თეატრში კოვიდით დაღუპული თემურ წიკლაურის ხსოვნის საღამო იმართება

თელავში COVID-19-ით დაღუპული თემურ წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიება დღეს, 10 აგვისტოს, 17:00 საათზეა დაგეგმილი თელავის თეატრში და, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  მას 300-მდე ადამიანი დაესწრება.

ინფორმაცია ღონისძიების გამართვის შესახებ “ნეტგაზეთს” თელავის თეატრშიც დაუდასტურეს, თუმცა დამატებითი კითხვებისთვის გვთხოვეს მიგვემართა თელავის მერიის კულტურის სამსახურისთვის, ან კულტურის სამინისტროსთვის, რადგააც ღონისძიების ორგანიზატორი, როგორც განგვიმარტეს, თეატრი არ არის.

“ნეტგაზეთი” ასევე ესაუბრა თელავის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს. მაია დათუნაშვილმა გვითხრა, რომ ღონისძიების ორგანიზატორი კულტურის სამინისტროა და უწყებავე ახდენს ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისი ზომების გატარებას. აღნიშნულის შემდეგ დავუკავშირდით კულტურის სამინისტროსაც და ვკითხეთ, ხომ არ იგეგმებოდა ღონისძიების გადადება იმ ფონზე, როდესაც დღეს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ასევე, რამდენი ადამიანი იყო საღამოზე მიწვეული და როგორ გეგმავდა უწყება ვირუსის გავრცელების პრევენციას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში პირველ თებერვალს გარდაიცვალა. წიკლაურს რამდენიმე კვირით ადრე კორონავირუსი დაუდასტურდა. ის გართულებებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 54 ადამიანი. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 713 ადამიანი და ჩატარდა 44 536 კვლევა ტესტით.

ამ მონაცემებით, პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ახალი კორონავირუსის 455 846 შემთხვევა გამოვლინდა. 406 475 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 182 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის 43 163 აქტიური შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი