ამიერიდან პირბადეების ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე: ეს არის გაჩერებები, ბაზრობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება“, – განაცხადა ღიბრაძემ.
მისი განმარტებით, საბჭომ ეს გადაწყვეტილება ეპიდვითარების გაუარესების გამო მიიღო. რაც შეეხება ჯარიმებს, პირბადის არტარების გამო ჯარიმა კვლავ 20 ლარი იქნება.