შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დააკავეს ორი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული.

მომხდარს ადასტურებს თავად დაშავებულიც. ტრანსგენდერი ქალი ჰყვება, რომ პოლიცია თავად გამოიძახეს მას შემდეგ, რაც მათთან ორი პირი მივიდა. თავდაპირველად ყველაფერი სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურში გადაიზარდა. ერთ-ერთ დაშავებულს პრეტენზია აქვს პოლიციელების ქმედებებთან დაკავშირებითაც:

„ერთ-ერთი თანამშრომელი მოძალადეების თანდასწრებით იყო ირონიულად განწყობილი, არათუ თავისი კანონიერი უფლება შეესრულებინა, რომ დავეცავით, არამედ იყო ირონიული და ცინიკური“, – ამატებს ის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.