საქართველოს მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები აგვისტოს ომის მე-13 წლისთავს ეხმაურებიან. ისინი კვლავ გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
ამერიკის შეერთებული შტატები
ცამეტი წლის წინ რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა. მას შემდეგ ათასობით ადამიანი აღმოჩნდა გამოძევებული, დევნილი და გაღატაკებული. ბევრი დაიღუპა. რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა, მათ შორის ბორდერიზაციამ და საქართველოს მოქალაქეების დაკავებამ უკიდურესი გასაჭირი მოიტანა.
ოკუპაციით გამოწვეული ადამიანური პრობლემები განსაკუთრებით გამძაფრდა COVID-19 გლობალური პანდემიის პირობებში. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის არსებულმა შეზღუდვამ არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა, და ეს უნდა დასრულდეს. მოქალაქეები, რომლებიც ახლა დაკავებული ჰყავთ საოკუპაციო ძალებს, უპირობოდ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.
ჩვენ კვლავ გამოვთქვამთ მხარდაჭერას ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მიმართ და აღვნიშნავთ, რომ გალის IPRM-ი მეტისმეტად დიდი ხანია, რაც შეჩერებულია და ის უნდა განახლდეს. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით რუსეთის ვალდებულებები ცხადია: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. აუცილებელია, რომ ასობით ათასმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეძლოს სახლში მშვიდობით და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოში ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ მტკიცეა.
ჩვენ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვუერთდებით მათ მოწოდებას, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად გახლეჩილი საზოგადოებები კვლავ გაერთიანდნენ.
ევროკავშირი
დღეს ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 13 წლისთავს აღნიშნავს. კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას.
ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დაცვას. ეს უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. “ბორდერიზაციის”, გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. პანდემიის დროს, ასეთი დარღვევები დამატებით ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რამაც მეტი მსხვერპლი გამოიწვია. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს.
გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებით აღიარებულ წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევას უნდა მოჰყვეს სანდო და პასუხისმგებლიანი გამოძიებები, რათა მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს.
კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით.
ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ლატვია
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 13 წელი გავიდა. რუსეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას, ოკუპირებული აქვს რა მისი ტერიტორიების 20%.
ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
ლიეტუვა
13 წელი გავიდა რუსეთის სამხედრო აგრესიიდან საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთი კვლავაც უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას.
რუსეთის პასუხისმგებლობა დადასტურებულია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვერდიქტით. ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სლოვენია
სლოვენია ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და მოითხოვს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
პოლონეთი
13 წლის წინ რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. პოლონეთმა მაშინვე მოახდინა რეაგირება და გამოხატა საქართველოსადმი მხარდაჭერა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული ვიზიტით თბილისში, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად. პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
რუმინეთი
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის 13 წლისთავს. რუმინეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
წელს 13 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვისტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამჟამად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.
ფოტო გარეკანზე: ლეილა ბლაგონრავოვა