ახალი ამბები

ISFED: შეზღუდვის გვერდის ასავლელად მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები ივნის-ივლისში შეიცვალა

6 აგვისტო, 2021 • 1241
ISFED: შეზღუდვის გვერდის ასავლელად მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები ივნის-ივლისში შეიცვალა

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს ავრცელებს.

დოკუმენტის ავტორების თქმით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, 3 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც მუნიციპალურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა იკრძალება.

ამის გათვალისწინებით, ორგანიზაციის განცხადებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ბიუჯეტი ივნისსა და ივლისში შეიცვალა:

“კვლავ აქტუალურია წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხი. საარჩევნო პროცესზე დამკვირვებელი ორგანიზაციები, მათ შორის „სამართლიანი არჩევნები“, წლებია საუბრობენ პრობლემაზე, რომელიც ბიუჯეტის წინასაარჩევნოდ შეცვლას და თანხების სოციალურ-ინფრასტრუქტურულ ან ელექტორალურად მომგებიან სხვა პროექტებზე მიმართვას გულისხმობს.

სწორედ ამის გამოძახილი იყო საარჩევნო კოდექსით აკრძალვის დადგენა, რომლის მიხედვითაც, არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ISFED-ის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ზემოხსენებული შეზღუდვისათვის ფორმალურად გვერდის ავლის მიზნით, დამკვიდრდა ბიუჯეტის გაზრდის პრაქტიკა აკრძალულ პერიოდამდე გარკვეული ხნით, ზოგჯერ, რამდენიმე დღით ადრეც, კი.

ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, კვლავ პრობლემად რჩება, ამომრჩევლის გულის მოგების მიზნით, ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების განხორციელების დამთხვევა უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდისათვის:

“აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დროს აქტიურდება ინფრასტრუქტურული პროექტები, იზრდება და ფართოვდება სოციალური პროექტები, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამგვარი ცვლილებები ხშირად,ახსნილია ქვეყანაში არსებული სიღარიბითა და მძიმე სოციალური ფონით, თუმცა საგულისხმოა, რომ ეს ფაქტორი კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში წამყვან ადგილს იკავებს” ,- აცხადებენ ანგარიშის ავტორები.

ISFED-ის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში კი ეს საკითხი პრობლემურია, რადგანაც მოქმედი თანამდებობის პირები ადგილობრივ თვითმმართველობაში კანდიდატებიც არიან და მათი თანამდებობრივი საქმიანობის გამიჯვნა კანდიდატის საქმიანობისგან, ფაქტობრივდ, შეუძლებელია.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ COVID19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა თავისთავად ზრდის სოციალური დახმარების გაცემის საჭიროებას, თუმცა ამ პროცესში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოცდილების გათვალისწინებით, ნათლად არ იყო გამიჯნული ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის.

ანგარიშის ავტორების თქმით, ეს, თავის მხრივ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკებს შეიცავს და საარჩევნო სუბიექტებისთვის უთანასწორო საარჩევნო გარემოს ქმნის:

“2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, 3 აგვისტოს დაიწყო. შესაბამისად, საბიუჯეტო ცვლილებების პროცესი, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიური იყო ივნის-ივლისის თვეებში. გავრცელებული იყო ბიუჯეტის რამდენჯერმე შეცვლის პრაქტიკა.

ამ პროცესში ტენდენციის სახით შეიძლება გამოიყოს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდა და სამუშაოების განსაკუთრებული გააქტიურება. აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალიტეტების გვერდებზე აქტიურდ მიმდინარეობს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება განხორციელებული პროექტების, სპეციალური დახმარებების შესახებ”, – ნათქვამია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი