ახალი ამბები

19 აპრილის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია – დეგნანი

6 აგვისტო, 2021 • 1064
19 აპრილის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია – დეგნანი

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საქართველოს საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება. ამის შესახებ მან დღეს, 6 აგვისტოს, განაცხადა.

19 აპრილის შეთანხმებიდან გასული “ქართული ოცნება” კი აცხადებს, რომ დოკუმენტის ანულირებით „ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა“.

ელჩის თქმით, შეთანხმების მიღებამდე მოლაპარაკებები ექვს თვეს სწორედ იმიტომ გაგრძელდა, რომ ის საქართველოს კონსტიტუციასთან თანხვედრაში ყოფილიყო.

“ვიცით, რომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში, ნაადრევია იმაზე საუბარი, რა იქნება არჩევნების შემდეგ. ვიტყვი, რომ 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოლაპარაკებები ექვსთვიანი მოლაპარაკებები ჰქონდათ. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დასჭირდა ამას ექვსი თვე, იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ის ყოფილიყო საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და იყო კიდეც.

მიგვაჩნია, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გეგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღნიშნული შეთანხმება იმითაც არის ღირებული, რომ მის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა ყველა პოლიტიკური პარტია და მას თითქმის ყველა პარტიამ მოაწერა ხელი. მასში გათვალისწინებულია ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას. კვლავ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იმ რეფორმების განსახორციელებლად, რაც საქართველოს სჭირდება”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ მმართველი პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გადის.

კობახიძემ ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ უარი, დოკუმენტზე ხელი მოაწერონ. ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან „შეთანხმების მუდმივი დარღვევა“.

კობახიძემ თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით, – დოკუმენტისა, რომელიც ნატოს 2021 წლის კომუნიკეში ქვეყნისთვის საეტაპო მიღწევადაა მონიშნული, – „ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს“

მასალების გადაბეჭდვის წესი