ახალი ამბები

რუსეთმა, პირველ რიგში, თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიებიდან – დეგნანი

6 აგვისტო, 2021 • 5893
რუსეთმა, პირველ რიგში, თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიებიდან – დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რუსეთის საგარეო უწყების საპასუხოდ ამბობს, რომ  მათი განცხადების სერიოზულად აღსაქმელად რუსეთმა ჯერ საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს.

როგორც აშშ-ის ელჩი ამბობს, რუსეთთან დიალოგისთვის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი არსებობს.

“ასეთი ტიპის გზავნილები რუსეთის მხრიდან ქართველებს ადრეც მოუსმენიათ, თუმცა, იმისთვის, რომ ეს განცხადება სერიოზულად აღვიქვას საქართველომ, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა, პირველ რიგში, თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიებიდან. სხვა მხრივ, ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი დეზინფორმაციის გავრცელებისა. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება და  გახსნას  ჰუმანიტარული დერეფნები ამ რეგიონებში.

დიალოგისთვის და ასეთი საკითხების გადასწყვეტად არსებობს მექანიზმი, ეს არის  ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატი და ამ ფორმატში მოლაპარაკების გამართვა კეთილსინდისიერად იქნება ნაბიჯი ამ საკითხების მოსაგვარებლად. ეს არის ის ძირითადი წინაპირობა, რის გარეშეც ასეთ საკითხებზე ვერ მოხდება გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა კელი დეგნანმა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობები იმ დონეზე აღადგინოს, “რა დონეზეც ამისთვის ქართული მხარე იქნება მზად”. აღნიშნულის შესახებ ალექსანდრ ბიკანტოვმა 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის [იმ დონეზე, რა დონეზეც] ამისთვის ქართული მხარე იქნება მზად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, მიიღებენ მხედველობაში ინტერესთა ბალანსს”, — ციტირებს მას “რია ნოვოსტი”.

მან აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზეც ისაუბრა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება კი “კრიმინალურ რეჟიმად” მოიხსენია.

“რუსეთს არასდროს გაუიგივებია ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან”, — დასძინა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთი საგარეო უწყებას პასუხობს და ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პატივისცემაზე გადის.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, თუკი რაიმე ეწინააღმდეგება საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ესაა თავად რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, მის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის შელახვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი