ახალი ამბები

აქციის მონაწილეები დააჯარიმეს

15 აგვისტო, 2010 • 1895
აქციის მონაწილეები  დააჯარიმეს

აშშ-ს მოქალაქე, მწერალი ირაკლი კაკაბაძე, პოეტები ალექსი ჩიღვინაძე და შოთა დიღმელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გაათვისუფლეს.

მოსამართლემ  ისინი 400-400 ლარით დააჯარიმა. სამივე დაკავებულს ადანაშაულებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევაში, რაც ბოროტად დაუმორჩილებლობას ნიშნავს.

სამართალდამცავებმა კაკაბაძე, დიღმელაშვილი და ჩიღვინაძე  გუშინ ბუშის ქუჩაზე გამართული აქციის დროს დააკავეს. აქციის მონაწილეები ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას ითხოვდნენ.

სამართალდამცავების მიხედვით, ისინი არ დაემორჩლნენ საპატრულო პოლიციას და დააზიანეს ქუჩის აბრა.

დაკავებულების ადვოკატის, ანა წიკლაურის თქმით, მოსამართლემ უარი განაცხადა, ენახა ვიდეო მასალა, რომელზეც ჩანს, რომ აქციის მონაწილეები მოწოდების შემდეგ გადავიდნენ სავალი ნაწილიდან და დაემორჩილნენ სამართალდამცავების მოთხოვნას.

”მოსამართლემ ჩათვალა, რომ ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ,  შესაძლოა მონტაჟი ყოფილიყო და საკმარისად მიიჩნია მოწმეთა ჩვენებები” – განაცხადა წიკლაურმა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებული მხარის მოწმეების ჩვენება.

არ არის გამორიცხული, სასამართლოს გადაწყვეტილება დაზარალებულებმა გაასაჩივრონ. მათ ამისთვის 10–დღიანი ვადა აქვთ.

”უოლტ უიტმენის ქუჩა ჯორჯ ბუშის ქუჩის ნაცვლად” – ამ სახელწოდების აქციისთვის ორგანიზატორებმა თანამოაზრეების შეკრება სოციალური ქსელ ფეისბუქით დაიწყეს.

”ამერიკის სიმბოლო არ არის ჯორჯ ბუში. ბუში ნავთობისთვის ომის სიმბოლოა, პრეზიდენტი, რომელმაც ამერიკის იდეას ძირი გამოუთხარა. უოლტ უიტმენის ლექსი “ო კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!” ეძღვნება ნამდვილ ამერიკას, რომელიც აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს, მიუხედავად იმისა, მოკლავს კორპორატოკრატია მის კაპიტანს, თუ არა. დღეს ამერიკა აღარაა ბუშის ამერიკა, ჩვენ კი ამერიკის პატივსაცემად ამერიკელი ხალხის თვალში იდიოტი პრეზიდენტის ქუჩა გვაქვს.

როცა საუბარი გვაქვს ამერიკაზე, პირველ რიგში თავისუფალი სული, მეოცნებე მაძიებლები, თამამი იდეები და ის კულტურული ნოვაციები უნდა გაგვახსენდეს, რომლებითაც ამერიკამ მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალა. უოლტ უიტმენი ამ ტრადიციის ნაწილია. ბუშის პრეზიდენტობა ხიჭვია ტრაკში, რომლის ამოძრობასაც 8 წელი დასჭირდა. უოლტ უიტმენი კი მუდმივია. ძირს ბუში, გაუმარჯოს უოლტ უიტმენს!” -ასეთი ტექსტია განთავსებული ფეისბუქის გვერდზე “უოლტ უიტმენის ქუჩა ჯორჯ ბუშის ქუჩის ნაცვლად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი