დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით ექიმების მხრიდან ანტივაქსერული მოწოდებები ექიმთა კოდექსის დარღვევაა. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაქცინაციამ სხვადასხვა დროს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და ამას ექიმები ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში სწავლობენ. გამყრელიძის თქმით, ვაქცინა სამედიცინო აღმოჩენებს შორის სამ ყველაზე დიდ მიღწევაში შედის.
“ეგეთი გაიდლაინი არ არსებობს [ექიმმა უთხრა პაციენტს, რომ არ აიცრას], ეს არის ჩვენი, ექიმთა ეთიკური კოდექსის დარღვევა, ანუ იმ ფიცის, რასაც ჩვენ ვდებთ, როდესაც ვამთავრებთ სამედიცინო ინსტიტუტს, ჰიპოკრატეს ფიცს რასაც ეძახიან. ეს [ექიმმა უთხრას პაციენტს, რომ არ აიცრას] არის სწორედ ამ ფიცის დარღვევა, რადგან როცა შენ [იქიმმა] იცი, რომ აცრა შველის ადამიანს და შველის ძალიან მაღალი პროცენტით, როცა შენ იცი, რომ აცრაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია [არ არსებობს], რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს არჩენს და პრევენციას უკეთებს გართულებებს, სიკვდილს და ამაზე უარს ამბობ, ეს არის ჩვენი ეთიკური კოდექსის დარღვევა.
და ამას არ უნდა აკეთებდნენ ჩემი კოლეგები. იმიტომ, რომ ყველას კარგად გვისწავლია სამედიცინო უნივერსიტეტში წლების განმავლობაში, ჩვენი საექიმო მოღვაწეობის განმავლობაში და ყველამ კარგად იცის, რომ აცრა, ვაქცინა და იმუნიზაცია შედის ყველაზე დიდ სამ აღმოჩენას შორის მედიცინაში, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა და კიდევ დაიცავს მილიონობით ადამიანს”, – განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს, 5 აგვისტოს ასევე ისაუბრა ექიმების ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ამ დროისთვის სამედიცინო პერსონალის 46% არის ერთჯერადად აცრილი, სამიზნე კი 60%-ს შეადგენს.