ახალი ამბები | სამხრეთ კავკასიის ამბები | ,

ქალთა მკვლელობების გასაპროტესტებლად გამოსული ფემინისტები ბაქოს პოლიციამ სცემა

5 აგვისტო, 2021 | | 1013
ქალთა მკვლელობების გასაპროტესტებლად გამოსული ფემინისტები ბაქოს პოლიციამ სცემა

ბაქოში, ხაზარის რაიონის პოლიციის განყოფილებაში ფემინისტ აქტივისტებს სცემეს. პოლიციამ აქტივისტები იმ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავა, როდესაც მონაწილეები ქვეყნის შს სამინისტროსთან აპროტესტებდნენ ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში ქალთა მკვლელობების შემთხვევების ზრდას დ პოლიციის უმოქმედობას.

“მხოლოდ ივლისის თვეში ქვეყანაში 9 ქალი მოკლეს. ყველა მათგანი დაჭრა ან საკუთარი ხელით დაახრჩო ქმარმა ან ოჯახის სხვა წევრმა კაცმა”, – ამბობს გულნარა მეჰდიევა, დაკავებული აქტივისტი, რომელიც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად პოლიციამ დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მსგავსი აქცია ფემინისტთა ჯგუფმა რამდენიმე დღის წინაც მოაწყო, როდესაც შსს-თან სიმბოლური კუბო მიიტანა მოკლული ქალების სახელებით.

ახალი აქციის მიზეზი კი გახდა ბოლო დღეებში 23 წლის სევინჩ მირზაევას მკვლელობა, რომელიც პოლიციისა და სხვა საშუალებებით მოძალადე ქმრისგან დაცვას ითხოვდა. საბოლოოდ, ქმარმა ის წამებით მოკლა, თუმცა კაცი პოლიციას არ დაუკავებია.

“სევინჩის სხეული სისხლჩაქცევებით იყო სავსე, ქმარი მას შვილების თანდასწრებით სცემდა. ჩვენ ასეც ვერ მივაღწიეთ იმას, რომ შვილები ჩამოართვან მამას, რომელიც განქორწინების შემდეგ დედასთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდა. დიდი ხნის განმავლობაში მანიპულირებდა შვილებით ყოფილი ცოლის დასაბრუნებლად”, – ამბობს მეხტიევა.

პოლიციის მიერ ნაცემი არიან ასევე სხვა ფემინისტები: ნარმინ შაჰმარზადე, სევგი ისმაილბეილი და სხვები. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ ძალადობის აქტი არ არის პოლიციის “ინიციატივა”, ის “პოლიტიკური აქტია, ისევე როგორც ფემიციდი აზერბაიჯანში” .

რა საფასურს იხდიან ქალები თავისუფლებისთვის – კუბო აზერბაიჯანის შსს-სთან

მასალების გადაბეჭდვის წესი