ახალი ამბები

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ, ბაიდენი კუომოს გადადგომისკენ მოუწოდებს

4 აგვისტო, 2021 • 1262
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ, ბაიდენი კუომოს გადადგომისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნიუ იორკის შტატის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს გადადგომისკენ მოუწოდებს. განცხადება ბაიდენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დამოუკიდებელმა მოკვლევამ დაადგინა, რომ გუბერნატორმა რამდენიმე ქალი შეავიწროვა.

როგორც BBC წერს, ბაიდენის მოწოდებას წინ უძღოდა შტატის მთავარი პროკურორის, ლეტიშია ჯეიმსის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გუბერნატორმა დაარღვია შტატისა და ფედერალური კანონები. თავად ენდრიუ კუომო კი ბრალდებებს უარყოფს, აცხადებს, რომ შეუფერებლად არავის შეხებია და თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

“ვფიქრობ, მან თანამდებობა უნდა დატოვოს. მესმის, რომ შტატის საკანონმდებლო ორგანომ შესაძლოა მისი იმპიჩმენტი გადაწყვიტოს” ,- თქვა ჯო ბაიდენმა.

შტატის მთავარმა პროკურორმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ წელს რამდენიმე ქალმა გუბერნატორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. გამომძიებლებმა მოკვლევას 5 თვე მოანდომეს და 200-მდე ადამიანს ესაუბრნენ, მათ შორის- გუბერნატორის თანამშრომლებს, რომელთა შორის ის ქალებიც იყვნენ, ვინც კუომო შევიწროებაში დაადანაშაულა. გამოძიების ფარგლებში მოხდა ათობით ათასი დოკუმენტის, მიმოწერისა და ფოტოსურათის შესწავლა.

“დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ სექსუალურად შეავიწროვა არაერთი ქალი, რითაც დაარღვია ფედერალური და შტატის კანონი”, – თქვა შტატის მთავარმა პროკურორმა.

როგორც დაზარალებულები ჰყვებიან, კუომო მათ არასასურველად ეხებოდა, თანხმობის გარეშე კოცნიდა და სექსუალური შინაარსის უხამსი კომენტარებით მიმართავდა. ერთ-ერთი დაზარალებული ქალის თქმით კი, გუბერნატორმა ხელი მაისურის ქვეშ შეუყო, რათა მის მკერდს შეხებოდა. სხვები კი აცხადებენ, რომ გუბერნატორმა მათ ჰკითხა, ხომ არ სურდათ სექსი ასაკით უფროს კაცთან.

გარდა შევიწროებაზე ბრალდებებისა, კუომო ასევე დაადანაშაულეს მტრული და ტოქსიკური სამუშაო გარემოს შექმნაში.

63 წლის გუბერნატორი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ განვლილი ცხოვრების განმავლობაში არც უადგილოდ შეხებია ვინმეს და არც შეუფერებელი სექსუალური შინაარსის შეთავაზება გაუკეთებია.

გუბერნატორს გადადგომისკენ მოუწოდეს ნიუ იორკის “დემოკრატმა” სენატორებმაც. რაც შეეხება გამოძიების შედეგებს, გამოცემა წერს, რომ ის სამოქალაქოა და არა კრიმინალური. შესაბამისად, მის საფუძველზე გუბერნატორს სასჯელი ვერ დაეკისრება, თუმცა პოლიციას შეუძლია ანგარიში გამოიყენოს საკუთარი გამოძიების ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი