ახალი ამბები

არასამთავრობოთა ნაწილი კანონის გამკაცრებას ითხოვს

3 აგვისტო, 2010 • 1165
არასამთავრობოთა ნაწილი კანონის გამკაცრებას ითხოვს

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვების გამო, კანონში შესატანი ცვლილების აუცილებლობას ხედავენ.

 არასამთავრობოებმა პირველი სამუშაო შეხვედრა „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში გუშინ გამართეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი და სხვა არასამთავრობოები საქართველოს პრეზიდენტის მიერ 27 ივლისს მთავრობასთან სამუშაო შეხვედრის დროს წარმოთქმული სიტყვების–„ჩვენ რა ზანგები ვართ?“ გამო კანონის გამკაცრებას ითხოვენ.

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142.(1)  მუხლის თანახმად, რასობრივი დისკრიმინაცია განიმარტება, როგორც ქმედება, რომელიც ჩადენილია ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე, რასის, კანის ფერის, სოციალური კუთვნილების, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

 „მრავალეროვანი საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, აგიტ მირზოევის თქმით, პრეზიდენტის სიტყვები “და მაშინ ჩვენ ზანგები ვართ? ჩვენ რატომ ვიქცევით ველურებივით, ამიხსენით?”  იყო იმპულსი, რამაც გამოიწვია არასამთავრობოების შეკრება კანონის გამკაცრების გეგმის შესამუშავებლად.

 „ჩვენ გვინდა სამართლებრივ დონეზე დავარეგულიროთ ეს საკითხი ანუ ვებრძოლოთ იმ ფენომენს, რასაც ჰქვია სიძულვილის ენა, რასისტული განცხადებები, დისკრიმინაცია და ა.შ. “, –ამბობს აგიტ მირზოევი.

 როგორც ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს, საქართველოს კანონმდებლობით რასობრივი დისკრიმინაცია კი ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, თუმცა იმისთვის, რომ ადამიანი ამ მუხლის გაასამართლო, საჭიროა, რომ მოქალაქეს დაუმტკიცდეს ბრალი, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

 „რთულია ვინმეს დაუმტკიცო, რომ მისი სიტყვები წინასწარ მიზნად ისახავდა მტრობის ჩამოგდებას ან ღირსების შელახვას. ამიტომ ჩვენი მიზანია კანონი ისე შეიცვალოს, რომ არავითარი მიზნის მტკიცება საჭირო არ იყოს“, –ამბობს იურისტი, გიორგი გოცირიძე.

 მისი თქმით, თუკი ადამიანი შეურაცხმყოფელი ხასიათის განცხადებას აკეთებს, მას მხოლოდ ამის საფუძველზე უნდა წაუყენო ბრალი. „საჭირო არ უნდა იყოს იმის მტკიცება, ისახავდა თუ არა მიზნად განხეთქილების გამოწვევას“, –ამბობს გოცირიძე.

 არასამთავრობოების წარმომადგენლების თქმით, სახელმწიფო მოხელეები სიძულვილის ენას ხშირად მიმართავენ.

 სხვა კონკრეტული მაგალითები პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს არასამთავრობოებს არ განუხილავთ, თუმცა აღნიშნეს, რომ ეროვნული უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული გამოთქმები სოციალურ ქსელებზეც ყოველდღიურად ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი