ნეტგაზეთი | თუ ასე გაგრძელდა, მთავრობას მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციით მივმართავთ – გამყრელიძე თუ ასე გაგრძელდა, მთავრობას მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციით მივმართავთ – გამყრელიძე – Netgazeti
Batumelebi | RU

თუ ასე გაგრძელდა, მთავრობას მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციით მივმართავთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღავენელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, მაშინ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი შეზღუდვების შემოღების წინადადებით მიმართავენ.

მისი თქმით, დღეს ყველა პარამეტრით და ინდიკატორით არის იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებები მაქსილამურად გამკაცრდეს.

“თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს უკვე მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, რამეთუ მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება. ერთი მხრივ, დღეს საუბარია იმაზე, რომ აღსრულდეს ყველაფერი ის, რაც დაწესებულია და განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება და მიეცა ეს დავალებები შესაბამის ორგანოებს, აღსრულება ყველანაირი ტიპის თავშეყრების, იქნება ეს ქორწილები, ქელეხები, წვეულებები, ფესტივალები და ა.შ.

ასევე, ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, რომ ადამიანები დაშვებული იყვნენ მხოლოდ ორჯერადი აცრით ან PCR ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ. თუ ეს ყველაფერი და ჩვენ მიერ წარდგენილი კიდევ რამდენიმე წინადადება არ იქნა შესაბამისად აღსრულებული, მაშინ იქნება წინადადებები სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კი ამბობს, რომ მკაცრი შეზღუდვების, მათ შორის ღამი საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის, აღდგენას ემხრობა და შესაბამისი თხოვნით უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უკვე მიმართა.

“საბჭო იღებს კონსენსუსით გადაწყვეტილებებს. კონსენსუსს სჭირდება არა მარტო საბჭოში კონსენსუსი, არამედ ქვეყანაში კონსენსუსი სჭირდება ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი წინადადება, რომლითაც საბჭოს მიმართეს, იყო ის, რომ რესტორნებში მხოლოდ აცრილი ან წინასწარ გატესტილი ადამიანები დაიშვან.

“ასევე, ბენეფიტები რომ იყოს… ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი და ჭირად იქცევა ხოლმე ლხინის სუფრა. ამიტომ მქონდა წინადადება, რომ 50 კაცამდე გაიზარდოს, ოღონდ თუ ყველა აცრილი იქნება ან მინიმუმ წინასწარ გატესტილი. ამაზე მოწოდებები იქნება. როგორც ამირანმა თქვა, განიხილება და 1 კვირა კიდევ დავაკვირდებით, რა სიტუაცია იქნება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინსიტრაცია ავრცელებს.

უწყება წერს, რომ ამავე პერიოდში 1895 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჩატარდა 43 932 ტესტი.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.41 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.08 %“, – წერია უწყების განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი