ახალი ამბები

თურქეთში ტყის ხანძრების გამო გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა

2 აგვისტო, 2021 • 2074
თურქეთში ტყის ხანძრების გამო გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა

თურქეთში ტყის ხანძრების გამო, რომელსაც სულ მცირე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროებზე მდებარე კურორტებიდან მოსახლეობის და ტურისტების ევაკუაცია მოხდა.

თურქეთში ცეცხლი  თავდაპირველად გასულ ოთხშაბათს შეამჩნიეს. ამ დროისთვის კი ათასობით მეხანძრე-მაშველი მოხალისეებთან ერთად ხანძრის 100-მდე სხვადასხვა კერას ებრძვის. როგორც Reuters წერს, სპეციალისტებმა ამ დრომდე ცეცხლის  კერების უმეტესობის ლოკალიზება შეძლეს.

ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ცეცხლის წარმოშობის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც ერთ-ერთ კერაზე ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ეჭვმიტანილი.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმ ასობით ადამიანის დასახმარებლად, რომლებსაც სტიქიის შედეგად ზიანი მიადგათ. მიუხედავად ამისა, როგორც BBC წერს, ერდოღანს ქვეყნის შიგნით აკრიტიკებენ ქვეყანაში სახანძრო ინვენტარის მარაგების ნაკლებობის გამო.

ცეცხლის ქრობაში თურქეთს ეხმარებიან მეხანძრეთა ჯგუფები რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან. ქვეყნის სატყეო მინისტრის განცხადებით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია 13 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, დრონები და 828 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება, ევროკავშირმა დასახმარებლად მოამზადა 3 ცეცხლმაქრი თვითმფრინავი, რომელთაგან ერთი ხორვატიას, ორი კი ესპანეთს ეკუთვნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი