ახალი ამბები

ავსტრალიის დაკარგული მოქალაქე მოკლული იპოვეს

31 ივლისი, 2021 • 2730
ავსტრალიის დაკარგული მოქალაქე მოკლული იპოვეს

გუშინ ავსტრალიის გაუჩინარებული მოქალაქე, შანაე ბრუკი, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

ახლობლების ინფორმაციით გაუჩინარებამდე ის მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სასეირნოდ წასული. არსებული ინფორმაციით ის ბოლოს გუშინ შუადღეს ნახეს. როგორც ერთ-ერთმა მეგობარმა, ალექსანდერ ჯორჯ ტომფსონმა “ნეტგაზეთს” უთხრა, ბოლო ინფორმაციით შანეი ბრუკს შემთხვევით დაერეკა მეგობართან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა დროსაც მეგობარმა გაიგო როგორ ეუბნებოდა შანეი სხვას, რომ ხელი გაეშვა მისთვის და დახმარებას ითხოვდა,”თითქოს თავს დაესხნენ”.

მთელი დღის განმავლობაში დაკარგულ ქალს ეძებდნენ პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, მისი მეგობრები და მოხალისეები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე გუშინ, 30 ივლისს გაუჩინარდა და სამინსიტრომ შეტყობინების მიღებისთანავე მთაწმინდის ფერდობზე დაიწყო სამძებრო ღონისძიებები.

უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ამასთან, უწყება აცხადებს, რომ ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიება და დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი