ახალი ამბები

“ლელომ” დააკონკრეტა, რა შემთხვევაში დატოვებს პარლამენტს

30 ივლისი, 2021 • 1250
“ლელომ” დააკონკრეტა, რა შემთხვევაში დატოვებს პარლამენტს

ფრაქცია “ლელოს” განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვების შემდეგ, ოპოზიციამ კიდევ უფრო მეტი შემართებით და კოორდინაციით უნდა იბრძოლოს რეფერენდუმად ქცეულ ადგილობრივ არჩევნებზე და ჯამურად 57%-ზე მეტი მოიპოვოს.

“ქართველ ხალხს და საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ ოცნებას არავითარ შემთხვევაში არ გავატანინებთ თავისას და არ შევეგუებით სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზადაა, ევროატლანტიკურ ორბიტას მოწყვიტოს ქვეყანა”, — ნათქვამია “ლელოს” საგანგებო განცხადებაში.

“ლელო” აცხადებს, რომ თუ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგის დადგომის შემდეგ “ქართული ოცნება” მაინც შეეცდება, თავი აარიდოს სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, ფრაქცია „ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები დატოვებენ პარლამენტს.

შარლ მიშელის შეთანხმებით, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. თუმცა “ოცნებამ” 19 აპრილის შეთანხმება დატოვა და განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და არა — თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში “ოცნებამ” 3%-იც რომ აიღოს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები  „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

“ლელო” აცხადებს, რომ განსხვავებით 2020 წლის ნოემბრისა, ამჯერად მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნის შესრულებას უზრუნველყოფს შარლ მიშელის შეთანხმების ერთგული საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო მხარდაჭერა.

“ასეთი ცალსახა და ერთსულოვანი საშინაო და საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოქცეული პოლიტიკურ-სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ერთპარტიული პარლამენტი აუცილებლად დაიშლება და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. სწორედ ეს უნდა იყოს ოპოზიციის ეფექტური პასუხი “ოცნების” მზაკვრულ გეგმაზე. პარლამენტის დატოვების მზაობა ახლავე თუ არ გამოვაცხადეთ, საზოგადოების ნაწილში არ იქნება სათანადო მოტივაცია და დასავლელი პარტნიორების ნაწილმაც შეიძლება ჩათვალოს, რომ საბოლოოდ ოცნებას მაინც თავისას გავატანინებთ”, — ნათქვამია “ლელოს” განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი