ახალი ამბები

სასტუმრო სტამბა ირწმუნება, რომ აზერბაიჯანელი ბლოგერი სახურავიდან გადახტა

30 ივლისი, 2021 •
სასტუმრო სტამბა ირწმუნება, რომ აზერბაიჯანელი ბლოგერი სახურავიდან გადახტა

თბილისში გარდაცვლილი აზერბაიჯანელი მიგრანტის, ბლოგერ ჰუსეინ ბაკიხანოვის საქმის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვალების შემთხვევა 2 კვირის წინ, 14 ივლისს დაფიქსირდა. თბილისში მოქმედი სასტუმრო “სტამბაში” კი აცხადებენ, რომ ბაკიხანოვი ამ დღეს ხსენებული სასტუმროს სახურავიდან გადახტა.

მანამდე, ბლოგერის ახლობელი ავთანდილ მამედოვი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ამბობდნენ, რომ ის საკუთარ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი.

რას ამბობენ სასტუმრო “სტამბასა” და შსს-ში?

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰუსეინ ბაკიხანოვი “სტამბის” სახურავიდან გადახტა, თავდაპირველად OC Media-მ სასტუმროს ადვოკატზე, კახა წერეთელზე დაყრდნობით გაავრცელა. წერეთელს “ნეტგაზეთიც” დაუკავშირდა. მისი თქმით, ბაკიხანოვს მუშაობა უნდა დაეწყო თბილისში, ერთ შენობაში მდებარე ორი სასტუმროდან ერთ-ერთში — “სტამბაში” ან “რუმსში”, ტექნიკური პერსონალის პოზიციაზე.

კვეკვესკირის თქმით, სამსახურში მიღებამდე სასტუმრო პოტენციურ დასაქმებულს შენობას ათვალიერებინებს. ასე მოხდა ბაკიხანოვისა და რამდენიმე სხვა პირის შემთხვევაში, რომელთაც ასევე ჰქონდათ გავლილი გასაუბრება.

“რამდენიმე პირთან ერთად [ჰუსეინ ბაკიხანოვიც] მონაწილეობდა დათვალიერებაში. რამდენჯერმე იკითხა, სახურავზე ასავლელი საიდან არისო თუ სახურავზე რა ხდებაო. არ მიაქცია [სასტუმროს თანამშრომელმა] განსაკუთრებული ყურადღება, როგორ იფიქრებ ასეთ რამეს, ხომ?” — აღნიშნავს ადვოკატი.

კახა წერეთლის თქმით, შენობის დათვალიერებისას სასტუმროს თანამშრომელმა შენიშნა, რომ ბაკიხანოვი ჯგუფთან ერთად აღარ იყო.

“საბოლოო ჯამში, რომ გაქრა ეს ბიჭი და ამ ჯგუფთან ერთად აღარ იყო, შემოვლის ჩამტარებელმა თანამშრომელმა დაურეკა მას, იმიტომ, რომ ყველას ნომერი ჰქონდა. ჰკითხა, სად ხარო და იმან უთხრა, სახურავზე ვარო. ამის მერე დაუყოვნებლივ ავიდა ეს გოგონა სახურავზე, წაიყვანა თან დაცვის თანამშრომელი.

ბეტონით დახურული ბრტყელი სახურავია, რომლის სიგანეც დაახლოებით 20 მეტრი იქნება. სადღაც შუაში იდგა ეს ბიჭი. ამათ დანახვაზე მობრუნდა, წავიდა კიდისკენ, დააწყო ნივთები და გადახტა”, — აღნიშნავს ის.

ადვოკატის თქმით, ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია, რომელსაც თან მოჰყვა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც.

“2 თვითმხილველის თვალწინ მოხდა ეს”, — ამბობს წერეთელი. კითხვაზე, ვინ არიან მოწმეები — სასტუმროს თანამშრომლები თუ სხვები, ადვოკატმა გვიპასუხა:

“სასტუმროს თანამშრომლები და არის კიდევ გარე პირიც, რომელიც სასტუმროს თანამშრომელი არ არის და სხვა შენობიდან დაინახა”.

“მთელი ეს ხალხი გამოიკითხა, თუკი რაიმე ჩანაწერები იყო, მიწოდებული გვაქვს. გასაუბრების დოკუმენტებიც მიწოდებულია”.

შსს-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ გამოძიება ამ პერიოდის განმავლობაში სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რას ამბობდნენ მანამდე ავთანდილ მამედოვი და აფგან მუხთარლი?

ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გაავრცელეს მისმა ახლობელმა ავთანდილ მამედოვმა და ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ. მათ ამის შესახებ 29 ივლისს დაწერეს — ბაკიხანოვის დაღუპვიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ.

აფგან მუხთარლი აღნიშნავს, რომ ბაკიხანოვს აზერბაიჯანში “პოლიცია დევნიდა”. მის და ავთანდილ მამედოვის თანახმად, თბილისში გადმოსვლამდე, 7 მაისს, ჰუსეინ ბაკიხანოვმა მონაწილეობა მიიღო ბაქოში გამართულ საპროტესტო აქციაში, რა დროსაც დააკავეს და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

“მან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციამ აწამა. ასევე თქვა, რომ პოლიცია ემუქრებოდა გაუპატიურებით. თბილისში ყოფნისას მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას აზერბაიჯანულ მედიაში და საკუთარ არხზე”, — წერს აფგან მუხთარლი.

როგორც ავთანდილ მამედოვი წერს, ბაკიხანოვი თბილისში სწორედ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჩამოვიდა და აქ თავშესაფარს ითხოვდა. მისივე სიტყვებით, ბოლო დღეებში ჰუსეინ ბაკიხანოვი კონტაქტზე აღარ გამოსულა, რის შემდეგაც მამედოვმა არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ს მიმართა დეტალების გასარკვევად, 29 ივლისს კი შეიტყო, რომ ბაკიხანოვი საკუთარ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი.

ბლოგერის ბოლო ვიდეოები

ჰუსეინ ბაკიხანოვმა, რომელსაც Youtube-ზე საკუთარი არხი ჰქონდა, ბოლო ვიდეოები 13 და 14 ივლისს გამოაქვეყნა. აღნიშნულ ვიდეოებში, რომელთაგან ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების მანქანაშია გადაღებული, ჰყვებოდა, რომ 12 ივლისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აზერბაიჯანელთა ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა.

ბაკიხანოვი აღნიშნავდა, რომ ეს ადამიანები ინციდენტამდე 2-3 დღით ადრე გაიცნო. მისი სიტყვებით, ხსენებულმა პირებმა 12 ივლისს მოულოდნელად შეურაცხყოფა მიაყენეს და როცა ამაზე პასუხი გასცა, თავდასხმაზე გადავიდნენ.

“ხუთმა [პირმა] სცადა, მანქანაში ჩავეტენე. როცა ამან არ იმუშავა, თავს დამესხნენ”, — წერდა ის მეორე ვიდეოს აღწერაში. ვიდეოში ჰუსეინ ბაკიხანოვი გამოთქვამდა ეჭვს, რომ მომხდარი “აზერბაიჯანის მთავრობის კონსპირაციასთან” იყო დაკავშირებული.

მოგვიანებით ბაკიხანოვი ამ ინციდენტზე აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ იუთუბ არხს ესაუბრა. ავთანდილ მამედოვის ცნობით, მომხდარზე ბლოგერმა პოლიციასაც შეატყობინა და ჩვენება მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი