ნეტგაზეთი | თბილისში “გარდაცვლილი იპოვეს” აზერბაიჯანიდან გამოქცეული ბლოგერი თბილისში “გარდაცვლილი იპოვეს” აზერბაიჯანიდან გამოქცეული ბლოგერი – Netgazeti
Batumelebi | RU

თბილისში “გარდაცვლილი იპოვეს” აზერბაიჯანიდან გამოქცეული ბლოგერი

თბილისში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს აზერბაიჯანელი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი, რომელმაც თავისი სამშობლო პოლიციის მხრიდან დევნის გამო დატოვა: ამის შესახებ იუწყებიან დაღუპულის ახლობელი, ავთანდილ მამედოვი და ასევე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი.

ამ დრომდე დაუზუსტებელია ინფორმაცია ბაკიხანოვის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით. ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” შსს-ს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულმა ბლოგერმა, რომელსაც Youtube-ზე საკუთარი არხი ჰქონდა, ბოლო ვიდეოები 13 და 14 ივლისს გამოაქვეყნა. აღნიშნულ ვიდეოებში, რომელთაგან ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების მანქანაშია გადაღებული, ის ჰყვებოდა, რომ 12 ივლისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აზერბაიჯანელთა ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა.

ბაკიხანოვი აღნიშნავდა, რომ ეს ადამიანები ინციდენტამდე 2-3 დღით ადრე გაიცნო. მისი სიტყვებით, ხსენებულმა პირებმა 12 ივლისს მოულოდნელად შეურაცხყოფა მიაყენეს და როცა ამაზე პასუხი გასცა, თავდასხმაზე გადავიდნენ.

“ხუთმა [პირმა] სცადა, მანქანაში ჩავეტენე. როცა ამან არ იმუშავა, თავს დამესხნენ”, — წერდა ის მეორე ვიდეოს აღწერაში. ვიდეოში ჰუსეინ ბაკიხანოვი გამოთქვამდა ეჭვს, რომ მომხდარი “აზერბაიჯანის მთავრობის კონსპირაციასთან” იყო დაკავშირებული.

მოგვიანებით ბაკიხანოვი ამ ინციდენტზე აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ იუთუბ არხს ესაუბრა. ავთანდილ მამედოვის ცნობით, მომხდარზე ბლოგერმა პოლიციასაც შეატყობინა და ჩვენება მისცა.

აფგან მუხთარლი აღნიშნავს, რომ ბაკიხანოვს აზერბაიჯანში “პოლიცია დევნიდა”. მის და ავთანდილ მამედოვის თანახმად, თბილისში გადმოსვლამდე, 7 მაისს, ჰუსეინ ბაკიხანოვმა მონაწილეობა მიიღო ბაქოში გამართულ საპროტესტო აქციაში, რა დროსაც დააკავეს და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

“მან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციამ აწამა. ასევე თქვა, რომ პოლიცია ემუქრებოდა გაუპატიურებით. თბილისში ყოფნისას მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას აზერბაიჯანულ მედიაში და საკუთარ არხზე”, — წერს აფგან მუხთარლი.

როგორც ავთანდილ მამედოვი წერს, ბაკიხანოვი თბილისში სწორედ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჩამოვიდა და აქ თავშესაფარს ითხოვდა. მისივე სიტყვებით, ბოლო დღეებში ჰუსეინ ბაკიხანოვი კონტაქტზე აღარ გამოსულა, რის შემდეგაც მამედოვმა არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ს მიმართა დეტალების გასარკვევად, 29 ივლისს კი შეიტყო, რომ ბაკიხანოვი საკუთარ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი.

სასტუმრო სტამბა ირწმუნება, რომ აზერბაიჯანელი ბლოგერი სახურავიდან გადახტა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან