ახალი ამბები

ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს

29 ივლისი, 2021 • 1347
ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარლამენტის მანდატს ტოვებს, თუმცა საკუთარ კოლეგებს ენმ-დან მოუწოდებს, საკანონმდებლო ორგანოში ფორმალურად დარჩნენ და “ოცნებას” ბოლომდე მიაყვანინონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები.

ამასთან, ნიკა მელიას თქმით, ენმ არ გეგმავს არჩევნების ბოიკოტირებას და მიუხედავად იმისა, “ქართული ოცნება” თანახმა იქნება თუ არა 43%-იან ბარიერთან დაკავშირებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამ რეფერენდუმში მონაწილეობას მაინც მიიღებს:

“მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს, ისინი ამ ეტაპზე დარჩნენ ტექნიკურად, ფორმალურად, პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ბოლომდე მივაყვანინოთ “ქართულ ოცნებას”. ამის შემდეგ მათ მოუწევთ ამის გაკეთება. თუკი ამაზეც ხელი აიღეს, საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რამხელა სივერაგესთან აქვთ საქმე. რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება ახალი ლეგიტიმური პარლამენტი. მე, ნიკა მელია ვტოვებ მანდატს, მაგრამ ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები რჩებიან პარლამენტში ზემოხსენებული მიზეზით”, – ამბობს ნიკა მელია.

28 ივლისს „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მმართველი პარტია ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ამასთან, „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

საპასუხოდ პარლამენტიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა „გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან და ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციები დააონონსეს და საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება არ გამორიცხეს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააკრიტიკეს სხვადასხვა საერთაშორისო აქტორებმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისის თქმით, „19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის შეთანხმებულ გზას, რომელიც საჭირო რეფორმების განხორციელებაზე გადიოდა, და ქმნის პოლიტიკურ კრიზისებში დაბრუნების რისკს“.

შარლ მიშელმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ კონსულტაციებს იწყებს. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. აშშ-მა კი განაცხადა, რომ „ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია“ მმართველი გუნდის „ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან“.

„ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება ჩაშალა – რას უნდა ველოდოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი