ახალი ამბები

პროტესტი წულუკიანს: “ლიტერას” მეოთხე კონკურსანტი გამოეთიშა

29 ივლისი, 2021 • 2271
პროტესტი წულუკიანს: “ლიტერას” მეოთხე კონკურსანტი გამოეთიშა

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის ნიშნად კონკურს „ლიტერას“ კიდევ ერთი კონკურსანტი, პოეტი ირაკლი კაკაბაძე გამოეთიშა. აღნიშნულის შესახებ მან “ფეისბუქზე” დაწერა, გააკრიტიკა წულუკიანი და მოუწოდა სხვა მწერლებს, გამოხატონ თავიანთი პოზიცია.

ირაკლი კაკაბაძე წარდგენილი იყო ნომინაციაში “წლის საუკეთესო პოეტური კრებული” კრებულისთვის “ამაღლების ქუჩა”.

“ძვირფასო მეგობრებო, თანამედროვე ლიტერატურაცა და ლიტერატურული პროცესიც ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების სარკეა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ცნობილია, როგორც ძალადობის წამხალისებელი, ჰომოფობიის მხარდამჭერი, ზიზღისა და სიძულვილის დამმკვიდრებელი, ასევე კულტურის სამინისტროს მართვისთვის სრულიად არაკომპეტენტური პირი, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ „მწერალთა სახლში“, როგორც ბოლშევიკური წესია, მიავლინა და დანიშნა.

რადგან ჯერ არ იყო გამოქვეყნებული მოკლე სია, თავს ვიკავებდი ამ გადაწყვეტილების მიღებისაგან, მაგრამ დღეს მეც ვუერთდები ჩემს ძვირფას კოლეგებს, ვინც პროტესტის ნიშნად მოხსნა საკუთარი წიგნები პრემიიდან და მოვუწოდებ ყველა მწერალს, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, ქართული კულტურა და მწერლობა, ვინც თვლის, რომ არასოდეს აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია და ხმა აღიმაღლეთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ.

აქვე, სოლიდარობას ვუცხადებ „მწერალთა სახლს“ და მის თანამშრომლებს, რადგან მგონია, რომ „ბიძინას გაუმა…“ მყვირალა მინისტრის გადაწყვეტილება, უპირველესად ამ ორგანიზაციის დიდ იდეასა და სულისკვეთებას აზიანებს და ებრძვის”, — დასძენს კაკაბაძე.

მანამდე ამავე კონკურსს გამოეთიშნენ ტორესა მოსი, მათე სარალიშვილი და ნატალია ავალიანი. მათი თქმით, არ მიიღებენ მონაწილეობას პროექტებში, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერაა დაფინანსებული მანამ, სანამ თეა წულუკიანი მინისტრის პოსტს იკავებს.

რამდენიმე დღის წინ პირველმა ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის ყოფილმა და კულტურის მოქმედმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. მინისტრს ჟურნალისტისთვის მიკროფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია, პროკურატურა კი დუმს კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება.

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ. ასევე წელს პირველად მწერალთა სახლის პრემიების ახალი დებულების თანახმად ჟიურის ვინაობა საჯაროა. წლევანდელი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის შემადგენლობა ასეთია:

  • ბელა წიფურია – ლიტერატურათმცოდნე
  • რეზო თაბუკაშვილი – მწერალი
  • ლელა კოდალაშვილი – მწერალი, კრიტიკოსი
  • ოქტაი ქაზუმოვი – ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი
  • იოსებ ჭუმბურიძე – პუბლიცისტი

დიზაინის ნომინაციაში ჟიურის კონსულტაციას გაუწევს ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე.

სამინისტროს კვოტით დანიშნული ჟიურის წევრი არის იოსებ ჭუმბურიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი