ახალი ამბები

ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს – სენატის ორპარტიული ჯგუფი საქართველოზე

29 ივლისი, 2021 •
ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს – სენატის ორპარტიული ჯგუფი საქართველოზე

აშშ-ის სენატორები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული მარცხი მხოლოდ კრემლის ინტერესებშია.

განცხადებას აშშ-ის სენატორები, ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი, სენატის ორპარტიულ ჯგუფთან, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წევრ ჯიმ რიშთან, ბენ კარდინთან, რობ პორტმანთან, კრის ვან ჰოლენთან და ჯონ ბარასოსთან აწერენ ხელს. ტექსტს კი გამოცემა „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. 

სენატორები წერენ, რომ „ძალზე იმედგაცრუებულნი ვართ, ბოლო დროს, საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რაც ძირს უთხრის რეფორმების ძალისხმევას, რაზეც 19 აპრილს შეთანხმება დაიდო“. შემდეგ კი დასძენენ:

„აშშ-მა ევროკავშირთან პარტნიორობით მჭიდროდ ითანამშრომლა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმების მისაღწევად იმისთვის, რომ გზა გახსნილიყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმასაჯულების და საარჩევნო რეფორმებისთვის. იმედგამაცრუებელი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა შეთანხმება.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან პერიოდში, კიდევ უფრო იმედგამაცრუებელი იყო „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ განზრახული აქვს ცალმხრივად გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან. მეტწილად, სწორედ მმართველ პარტიას ეკისრება, დადგეს პოლიტიკურ განხეთქილებაზე მაღლა და გააგრძელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც ყველა ქართველისთვის მოიტანს სარგებელს.

ჩვენ, როგორც აშშ-ის სენატის კანონმდებლები, მოგიწოდებთ ოქტომბრის თვეში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმასჯულების და საარჩევნო რეფორმის კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხი ვერ შეუწყობს ხელს დახმარების პირობითობას, საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ და დააზიანებს აშშ-სა და საქართველოს ორმხირვ ურთიერთობას. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს,” – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 28 ივლისს პარტიამ “ქართული ოცნება” თქვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გადის.

როგორც “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მაშინ, როცა მთავარი ოპოზიციური ძალა არ უერთდება, ხოლო სხვა ოპოზიციური ძალები მუდმივად არღვევენ შეთანხმებას, “ქართული ოცნება” იყო ერთადერთი, რომელიც შეთანხმებას ასრულებდა. თუმცა დღეს, კობახიძის განცხადებით, ხელშეკრულება ანულირებულია.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო და 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმება შედგა, თუმცა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ენმ-მ და “ლეიბორისტულმა პარტიამ”.

ამასთან, “ლეიბორისტულმა პარტიამ” პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, ენმ კი პარლამენტში მაინც შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულს საკითხებზე რეაგირებას, რის შედეგადაც ნიკა მელია და გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებდნენ; გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას.

ამასთნ, შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

19 აპრილის შეთანხმება, გარდა იმისა, რომ შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ემსახურება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განხილულია როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი რეფორმების გზამკვლევი.

ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის “კაფავს გზას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის; ფინანსური მხარდაჭერისთვის; გაფართოებული მონაწილეობისთვის ევროკავშირის პროგრამებში; განახლებული ფოკუსირებისთვის ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ საქართველოს, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის კავშირების დონე ევროპასთან და აქვთ ზრდის გაზრდის პოტენციალი”.

საქართველოს და სამეზობლო საკითხებზე წამყვანი ევროპარლამენტარები ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე მიუთითებდნენ, რომ ევროკავშირის მედიაციის შესაძლებლობის გამოუყენებლობა რისკის ქვეშ დააყენებდა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს და EU-ს მაკროფინანსურ დახმარებას საქართველოსთვის.

19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსულმა შარლ მიშელმა სასამართლო რეფორმაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ როგორც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, “საქართველოსთვის ევროკავშირის 60-მილიონიანი მაკროფინანსური დახმარების გადმორიცხვის წინაპირობას წარმოადგენს”.
შეთანხმებაზე მომლაპარაკებელი ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლების გარდა, 19 აპრილის დოკუმენტის იმპლემენტაციისკენ საქართველოს მოუწოდებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

მაგალითად, ევროპის საპჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა (PACE) რიკ დაემსმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, შეწყვიტონ თამაში და გადადების გარეშე აამოქმედონ შარლ მიშელის დოკუმენტი პრაქტიკაში. მისი თქმით, შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, PACE არაფერ შუაშია 19 აპრილის დოკუმენტთან, თუმცა ევროკავშირი და ევროპის საბჭო იზიარებენ საერთო ფასეულობებს და “ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად პანევროპული საზოგადოების სრული წევრობისთის.”

19 აპრილის დოკუმენტი გახდა ნატო-ს კომუნიკეს ნაწილიც.

“ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ შეთანხმებას “სამომავლო გზა საქართველოსთვის” და ყველა მხარეს მოვუწოდებთ მისი სრულად იმპლემენტაციისკენ. ეს შეთანხმება ნიადაგს უმზადებს მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტი ქვეყანის, პროგრესს წევრობისკენ მოსამაზადებელ გზაზე”, — ნათქვამია კომუნიკეში.

ნახეთ ასევე:

„ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება ჩაშალა – რას უნდა ველოდოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი